მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიული Stadler-ი ყაზახეთში $2.5 მილიარდიანი კონტრაქტით 600 სარკინიგზო ვაგონს აწარმოებს

მატარებელი ვაგონი

შვეიცარიული კომპანია Stadler-ი ყაზახეთის რკინიგზის დაკვეთით, ასტანაში მდებარე ქარხანაში 600 სარკინიგზო ვაგონს ამზადებს. კონტრაქტის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

Stadler-მა ქარხანა ასტანაში ბელარუსიდან გადაიტანა, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო სანქციების გამო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დახურა. ამჟამად ასტანაში კომპანიის ქარხანაში 400 ადამიანი არის დასაქმებული.

Stadler-მა ყაზახეთის რკინიგზის ტენდერში ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანიამ ასტანაში ქარხანა აღჭურვა, პერსონალი მოამზადა და სამგზავრო ვაგონების წარმოება დაიწყო.

წლების წინ საქართველოს მთავრობა Stadler-თან ქარხნის მშენებლობის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. აღნიშნულ პერიოდში Stadler-ის ბელარუსის ქარხანა უკვე არსებობდა და სწორედ იქ წარმოებული მატარებლების შესყიდვის შეთანხმება გააფორმა 2016 წელს საქართველოს რკინიგზამ. მთავრობას სურდა რომ კომპანიას საქართველოში ვაგონშემკეთებელი/ვაგონმშენებელი ქარხანა შეექმნა.

2017 წლის ივნისში პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და Stadler-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი აღარ განხორციელდა.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზა ვაგონების და ლოკომოტივების განახლების პროექტზე მუშაობს, ამასთან მთავრობის ინფორმაციით საქართველოს რკინიგზაში მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და რკინიგზის გენერალური დირექტორი 2025 წლის დეკემბერში ფრანგული კომპანია Alstom-ის მენეჯმენტს შეხვდნენ. Alstom-ი Stadler-ის მსგავსად ყაზახეთში აწარმოებს ვაგონებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები