მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვიდ მუნიციპლიტეტს 50 ახალი ავტობუსი გადაეცა - რამდენი ავტობუსის შეძენაა გათვალისწინებული რეგიონებისთვის ტენდერით?

ავტობუსები
15.12.23 10:35
1598

ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული “ისუზუს” ფირმის ავტობუსი გადაეცა, აქედან 34 ქვემო ქართლის რეგიონისთვისაა.

ტენდერით გათვალისწინებულია ჯამში 154 ავტობუსის შესყიდვა, რომლებიც 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ავტობუსების შესაძენად როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარი გამოიყო. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯითი გრუპია”, რომელმაც 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში ჩამოიყვანა, დარჩენილი 103 ქვეყანაში, მიმდინარე წლის ბოლომდე და 2024 წლის დასაწყისიდან შემოვა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, 50 ავტობუსიდან რუსთავს 20 ერთეული, მცხეთას 10, ბორჯომს 6, მარნეულსა და ბოლნისს 4-4, ხოლო თეთრი წყაროსა და დმანისს 3-3 ავტობუსი გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, თვის ბოლოს ადგილზე იქნება კიდევ 20 ავტობუსი, რომლებიც რეგიონებში გაიგზავნება, ხოლო ჩამოყვანის პროცესი სრულად, 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება და სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გადანაწილდება.

ავტობუსები რეგიონების მოსახლეობის შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თითო სატრანსპორტო საშუალება, 47 მგზავრზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

“უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება ჩვენს რეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. პროგრამა ერთჯერადი არ არის, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების შეძენა. რეგიონების განვითარების ფარგლებში ამავდროულად შეძენილია "ივეკოს" ფირმის ნაგავმზიდები, რაშიც უკვე გადახდილია 33 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

“ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შიდა და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე უზრუნველყოფს მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ ეტაპზე საქართველოში შემოყვანილი 51 ახალი ავტობუსიდან, 20 რუსთავის მოსახლეობას მოემსახურება. ,,როგორც რუსთავისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს მუნიციპალური ტრანსპორტი. პრემიერის მხარდაჭერით 20 ევრო-5 სტანდარტის ახალი ავტობუსი შევიძინეთ რუსთავმა. ეს იყო დაპირება განსაკუთრებით სტუდენტებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ასევე გავაგრძელებთ ტრანსპორტის შესყიდვას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსთავში როგორც საქალაქთაშორისო, ასევე შიდა სატრანსპორტო პოლიტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს თითოეულ რუსთაველისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ახალი ევროსტანდარტის ავტობუსები იქნა შეძენილი, აქედან 34 ქვემო ქართლის რეგიონისთვისაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკისთვის. ეს იყო წლების განმავლობაში მოსახლეობის მოთხოვნა და თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად უკვე დაძლეულია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა გაგრძელდება და მეორე ეტაპზე მოხდება იმ რაოდენობის ტრანსპორტის დამატება, რისი აუცილებლობაც არის მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის მაისის თვეში დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები