ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ეროვნულ სახალხო კონგრესზე გამოსვლისას ტაივანზე ისაუბრა და თქვა, რომ დამოუკიდებლობის მომხრე გარე ძალებს უნდა დაუპირისპირდნენ.
გამოსვლისას მან ჩინეთის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მათ შორის ახსენა “ეროვნული ერთიანობის” აუცილებლობა ტაივანთან მიმართებაში.
“გარე ძალებსა და ტაივანის დამოუკიდებლობისკენ მიმართულ სეპარატისტულ ქმედებებს აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ",-თქვა მან. ამასთან, სი ძინპინმა, რომელიც აქამდე ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავდა, ახლა ხაზი გაუსვა კუნძულთან მშვიდობიანი ურთიერთობის მნიშვნელობას.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ სეპარატისტულ პროვინციად თვლის, მაგრამ კუნძული, რომელშიც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს თავს. სი ძინპინის მმართველობის პერიოდის დროს ჩინეთმა გააძლიერა ტაივანის შეერთების პოლიტიკა. გასულ კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს. მას მხარი 2952-ივე დეპუტატმა დაუჭირა.




























