მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სი ძინპინთან Nvidia-ს სუპერ-დუპერ ჩიპებზე უნდა ვისაუბრო” - დონალდ ტრამპი

ლიდერების შეხვედრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგასთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიას დამატებითი ინფორმაცია გააცნო. როგორც ის განმარტავს, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ, Nvidia-ს უახლესი, “სუპერ-დუპერ” AI ჩიპი Blackwell-ი იქნება. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ჩიპებს ამერიკისთვის სტრატეგიული ღირებულება აქვს და აღნიშნა, რომ სწორედ ის გახდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი.

შეგახსენებთ, ულტრა-თანამედროვე ჩიპები, რომლებსაც ამერიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia ქმნის, ჩინეთის ბაზარზე დღემდე ხელმიუწვდომელია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მისი ჩინური მხარისთვის გადაცემა ეროვნული უსაფრთხოების რისკებს გააჩენს. საპასუხოდ, ჩინურ მარეგულირებელს Nvidia-ს წინააღმდეგ საქმე აქვს გახსნილი და ადგილობრივი ბაზრის ტექნოლოგიურ გიგანტებს მისი ჩიპების შეძენას კატეგორიულად უკრძალავს. ეს კი Nvidia-ს გაყიდვების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე წვდომას უზღუდავს.

ამერიკის პრეზიდენტს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს და განიხილავს თუ არა ჩიპების ჩინური მხარისთვის გადაცემას, თუმცა ცნობილია, რომ ეს საკითხი ორი მხარის სავაჭრო მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. დიპლომატიური პროცესის წარმატებით დასრულების იმედი აქვს Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანჰს, რომელიც აცხადებს, რომ მისი კომპანიისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი ბაზარია და მოვლენების დადებითად განვითარება Nvidia-სთვის მნიშვნელოვანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები