"სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ [აქციებზე] არცერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე შეიძლებოდა, გრძელვადიანი კვალი დაეტოვებინა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, მუდმივად იყო ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გამორიცხული მძიმე ინციდენტები.
"რა თქმა უნდა, მძიმე ინციდენტები იყო. ადამიანური ამბავია, რომ ვიღაც მოქმედებს მკაცრად, მითითების შესაბამისად და ვიღაც არ მოქმედებს მითითების შესაბამისად, ზოგი მოქმედებს ჭარბი ემოციებით, ზოგი იმის გამო, რომ არასათანადო აღქმა აქვს საკუთარი ფუნქციის მნიშვნელობის და ა.შ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ მოქმედებებში გდდ-ს მხრიდან, პოლიციის მხრიდან ჩართული იყო ათასობით ადამიანი და ინციდენტი დაფიქსირდა რამდენიმე, მთელი ამ დღეების განმავლობაში.
იმდენად მკაცრი ინსტრუქციები მიდიოდა გდდ-ზე და მთლიანად პოლიციაზე, რომ ამ მასშტაბური ძალადობის მიუხედავად, დედის გინების მიუხედავად და ა.შ. ხედავდით პირდაპირ ეთერში, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმდენად მკაცრი ინსტრუქციები მიდიოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, უშუალოდ პოლიციის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მხოლოდ და მხოლოდ იყო რამდენიმე მძიმე ინციდენტი. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს სწორი იყო, ან მძიმე არ იყო, მაგრამ იყო რამდენიმე ინციდენტი და ეს არის იმის შედეგი, რომ მუდმივად იყო ინსტრუქციები იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა მძიმე ინციდენტები.
სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ [აქციებზე] არცერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე შეიძლებოდა, გრძელვადიანი კვალი დაეტოვებინა", - განაცხადა კობახუძემ.




























