შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილია სიძულვილით მოტივირებული 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.
უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.
"შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.
სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო მიმდინარე წლის 1 ივნისს აამოქმედა. შსს-ს განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენაა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სადამსჯელო ზომა 1500 ლარიდან, განმეორების შემთხვევაში 6000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.




























