დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, ცვლილების მიზანია საქართველოს კანონის დახვეწა ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ევროპულ დირექტივას, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების საკითხებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის არსებობას.
პროექტის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უნდა გასაჩივრდეს.
„კანონმდებლობაში გამოკვეთილი პრობლემატური საკითხების აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილი პროექტის დაჩქარებული წესით მიღება გვიწევს ოქტომბრის ბოლოს, რათა შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმის მე-7 პრიორიტეტი და საქართველომ შეძლოს მონაწილეობა მიიღოს „შემოქმედებითი ევროპის“ პროექტში“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სხდომაზე საკითხის წარდგენისას.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა ოპოზიციამ. „გირჩის“ წარმომადგენელი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების პრინციპს.
იგივე პოზიცია აქვს ოპოზიციონერ იაგო ხვიჩიას, რომელიც ამბობს, რომ კანონის მიღების საფუძველი არის მედიის შეზღუდვა.
„ევროოპტიმისტების“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კანონპროექტს ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოებაც და პირადად მას არ ესმის, თუ რატომ განიხილავს უმრავლესობა საკითხს დაჩქარებულად.
"ამ კანონით მედიის თავისუფლება იზღუდება და რეპრესიულ ინსტიტუტებს, კიდევ უფრო მეტი იარაღი ეძლევათ რეპრესიის კუთხით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ცდილობს“, რადგან კანონი მედიის შეზღუდვას არ ითვალისწინებს და პირიქით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება.
მაუწყებლის შესახებ კანონის 55-ე მუხლის მეორე პუნქტში წერია:
სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა
1. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
2. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას.
რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია:
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი ითვალისწინებს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. ამავე კანონის 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება ამავე კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება. ასევე, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილი იქნება რეაგირება მოახდინოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და დააკისროს დამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.