გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა, Porsche-მ მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ წარმოების მოცულობის შემცირებისა და მოგების მარჟების გაზრდის სტრატეგია აამუშავა, რაც ნაკლები ავტომობილის გაყიდვის პირობებში მეტი მოგების მიღებას ისახავს მიზნად.
კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ლეიტერსმა განაცხადა, რომ Porsche-მ მცირე ტირაჟით მუშაობის დროსაც კი უნდა შეძლოს ფინანსური სარგებლის გამომუშავება და მას არ უნდა სჭირდებოდეს საშუალო სეგმენტზე ფოკუსირებას.
არსებული ინფორმაციით, საწარმოო სიმძლავრეების შემცირება ბაზარზე მოთხოვნის ვარდნას უკავშირდება, რადგან ჩინეთში ადგილობრივი კონკურენციის ზრდამ და ევროპაში კიბერუსაფრთხოების ახალი რეგულაციების გამო Macan-ისა და 718 მოდელების გაყიდვიდან ამოღებამ ბრენდის პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა. ამასთან, ელექტრომობილების სტრატეგია იმ მიმართულებით ვერ განვითარდა, როგორც ამას თავდაპირველად ელოდნენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა €8.40 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია, საოპერაციო მოგება კი 21.9%-ით შემცირდა და €595 მილიონი დააფიქსირა. თუ გასული წლის პირველ სამ თვეში კონცერნმა €518 მილიონის სუფთა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა €391 მილიონი შეადგინა. პარალელურად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მომხმარებლებისთვის მიწოდებული ავტომობილების რაოდენობა 15%-ით შემცირდა და 60,991 შეადგინა, რაც ძირითადად ჩინეთში გაყიდვების 21%-იანი და ჩრდილოეთ ამერიკაში 10%-იანი კლების შედეგია.
რაც შეეხება სამოდელო ხაზის განვითარებას, კომპანია გეგმავს 718 სერიის სპორტული ავტომობილების წარმოების გაგრძელებას, რომლებიც ბაზარზე როგორც შიდა წვის ძრავებით, ისე სრულიად ელექტრონული აგრეგატებით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, პოტენციურად განიხილება ახალი თაობის GT4 და Spyder RS-სერიის სპორტული 718-ების გამოშვება.
ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, Porsche-მ გასულ წელს 2,000 დროებითი მუშა უკვე გაათავისუფლა, მომავალ წლებში კი კიდევ 1,900 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს.
ცნობისთვის, გერმანული ბრენდისთვის 2023 წელი ისტორიაში საუკეთესო იყო, როდესაც გლობალურად 320,221 ავტომობილი გაიყიდა, თუმცა 2025 წლისთვის მიწოდების საერთო მაჩვენებელი 279,449 ერთეულამდე შემცირდა, რაც ფაქტობრივად 2020 წლის ნიშნულს უტოლდება.
არსებული სირთულეების მიუხედავად, კომპანიის ახალი CEO ადასტურებს, რომ ლეგენდარული 911 ისევ შიდა წვის ძრავით იქნება აღჭურვილი და მისი EV-ვარიანტის გამოშვება არც განიხილება.




























