მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, თამბაქოს პროდუქტებზე სააქციზო მოსაკრებელის 20 თეთრით გაზრდის შესახებ, BMG-სთან ალექსანდრე ავაზაშვილი, JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი აფასებს. მისი თქმით, აქციზის ზრდა, თამბაქოს პროდუქტებისთვის სავალდებულო სადა შეფუთვის კანონთან ერთად, ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოდინებას გაზრდის.
როგორც ალექსანდრე ავაზაშვილი განმარტავს, სექტორს ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა - უშედეგოდ.
"გასული კვირის ბოლო გავიგეთ, რომ იგეგმებოდა აქციზის ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, მაშინვე დავუკავშირდით ფინანსთა სამინისტროს. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი აპრილიდან სრულად ამოქმედდება კანონი სადა შეფუთვის შესახებ, ორივე ცვლილების კომბინირებული ეფექტი კონტრაბანდის ზრდის მნიშვნელოვან რისკებს აჩენს.
[სახელმწიფოსთვის] ჩვენი შეთავაზება იყო, რომ არ მომხდარიყო აქციზის 20 თეთრიანი ზრდა, მაგრამ ეტაპობრივად გაზრდილიყო გადასახადი. მაგალითად, 1 იანვრიდან 10 თეთრით გაზრდილიყო, ხოლო როცა სადა შეფუთვის კანონი შევიდოდა ძალაში, მთავრობაც და ინდუსტრიაც შეხედავდა, რა ეფექტი გამოიღო ამ ყველაფერმა და პარლამენტი გადაწყვეტდა, იყო თუ არა საჭირო სააქციზო განაკვეთის დამატებით 10 თეთრით ზრდა", - აღნიშნავს JTI_ის წარმომადგენელი.
მისივე განმარტებით, სააქციზო განაკვეთის ზრდას შესაძლოა უკუეფექტი ჰქონდეს როგორც მომხმარებელზე, რომელსაც პროდუქტი გაუძვირდება, ასევე სახელმწიფოზეც, რომელიც, კონტრაბანდის გამო, შემოსავალს ვერ მიიღებს.
"აქციზის 20 თეთრით ზრდა პროდუქტის მხოლოდ ფიქსირებულად, 20 თეთრით ზრდას არ გამოიწვევს, რადგან არის დღგ, სხვა ფაქტორებიც... შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ სიგარეტის ფასი გაიზრდება 20 თეთრზე გაცილებით მეტად.
ჩვენი გამოთვლებით, თუ 3-4%-ით გაიზარდა კონტრაბანდის დონე, ის შემოსავალი, რომელსაც ბიუჯეტი ელოდება, შესაძლოა, 0-მდეც კი ჩამოვიდეს, იმიტომ რომ კონტრაბანდის ზრდა გამოიწვევს ლეგალური ბაზრის და, შესაბამისად, შემოსავლების შემცირებას", - ამბობს ალექსანდრე ავაზაშვილი.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2025 წლიდან ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი იზრდება. კერძოდ, სიგარეტის კოლოფზე აქციზის განაკვეთი 20 თეთრით, ₾1.90-მდე გაიზრდება, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე კი 15 თეთრით - ₾1.85-მდე.