2025 წლიდან ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის აქციზის განაკვეთი გაიზრდება - ამის შესახებ გუშინ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საუბარია სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.90 ლარამდე გაზრდაზე. ასევე გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაზრდა არის დაგეგმილი.
კანონპროექტის ავტორების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, აქციზის მატებით 2025 წლის ბიუჯეტში სიგარეტის აქციზიდან 77 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი შევა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს აქციზიდან 5.5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი, რაც ჯამურად 83.5 მილიონის საგადასახადო შემოსავლის მატებას ნიშნავს.
"იმპორტირებული სიგარეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 325 740 879 კოლოფს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის განაკვეთის 1.9 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 76 874 847 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 65 148 176 ლარი, ხოლო დღგ-ის - 11 726 672 ლარი.
რაც შეეხება 2404 11 000 00 კოდში შემავალ „აიქოსებს“ (პროდუქტები, განკუთვნილი წვის პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის), იმპორტირებული „აიქოსის“ საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 22 645 088 კოლოფს, კანონპროექტის მიღებისა და აქციზის განაკვეთის განაკვეთის 1.85 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში კი, შესაბამისი გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 5 344 241 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 4 529 018 ლარი, ხოლო დღგის - 815 223 ლარი,"- ნათქვამია დოკუმენტში.
2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 10 თვეში თამბაქოს აქციზიდან 996,958,631 ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173 მილიონი ლარით მეტია. აქციზიდან მიღებული შემოსავლების ასეთი ზრდა მეტწილად დაკავშირებულია ბაზრის სადა შეფუთვაზე გადასვლასთან, რადგანაც 2025 წლის აპრილიდან ბაზარზე მხოლოდ სადა შეფუთვის სიგარეტის ნაწარმი შემოვა, შესაბამისად კომპანიებმა ამ თარიღამდე მნიშვნელოვანი მოცულობის სავაჭრო მარაგები შეიქმნეს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე თამბაქოს ნაწარმიდან მიღებული სააქციზო შემოსავალი 1.1 მილიარდ ლარს მაინც მიაღწევს.
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი კოლოფი სიგარეტი იყიდება. მათზე აქციზის განაკვეთი ორი კომპონენტისგან შედგება, ერთია ფიქსირებული აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად 1.70 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა ადვალური აქციზის განაკვეთი, რომელიც სარეალიზაციო ფასის 30%-ს შეადგენს.
თუკი ამჟამად ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის საშუალო სარეალიზაციო ფასი შეადგენს 7 ლარს, მხოლოდ აქციზის განაკვეთის გათვალისწინებით 20 თეთრის მატებით ფასი 7.20 ლარი გახდება, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ადვალური განაკვეთიც და დღგ-იც სარეალიზაციო ფასზე არის მიბმული, რეალურად აქციზის 20 თეთრით გაძვირება ერთი კოლოფის ღირებულებას დაახლოებით 35-40 თეთრით შეიძლება გაიზარდოს.
არსებული მდგომარეობით, 7 ლარის სარეალიზაციო ფასის პირობებში კოლოფი სიგარეტის საგადასახადო განაკვეთი ასეთია:
- აქციზური მარკა - 1.70 ლარი;
- ადვალური განაკვეთი (სარეალიზაციო ფასის 30%) - 2.10 ლარი;
- აქციზურ მარკას+ადვალური აქციზი=3.80 ლარი;
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 1.08 ლარი.
- ფიქსირებული და ადვალური აქციზის და დღგ-ის ჯამი=4.88 ლარი.
შესაბამისად, 7 ლარის ღირებულების სიგარეტის კოლოფში გადასახადების ღირებულება შეადგენს 4.88 ლარს, რაც საბოლოო ღირებულების 69.7%-ია. აქციზის განაკვეთის 20 თეთრით ზრდის შემდეგ, სიგარეტის საცალო ფასში გადასახადების წილი კიდევ გაიზრდება.