პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადისლავ სიკორსკის რუსული დრონებისა და გამანადგურებლების მიერ NATO-ს წევრი ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეების დარღვევას გამოეხმაურა. გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე გამოსვლისას მან ოფიციალური მოსკოვი გააკრიტიკა და გააჟღერა გაფრთხილება, რომ თუ მსგავსი რამ ოდესმე კიდევ განმეორდება, ამას NATO-ს მხრიდან კონკრეტული და ხისტი რეაგირება მოჰყვება.
სიკორსკიმ არ გამორიცხა, რომ თუ ესტონეთის შემთხვევის მსგავსად, რუსეთი NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნის ცაში გამანადგურებლებს კიდევ ერთხელ შეაფრენს, შეიარაღებული ძალები მათი ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებს და აღასრულებს.
“უკვე გაგაფრთხილეთ, ამიტომ ნუ იწუწუნებთ, თუ თქვენს გამანადგურებლებს NATO-ს საჰაერო სივრცეში ჩამოვყრით” - განაცხადა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იყო დრო, როცა NATO რუსეთს “ბევრ თავხედობას უთმობდა”, თუმცა ეს დრო წარსულს ჩაბარდა. სიკორსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს ძალების გაერთიანებისა და საპასუხო რეაგირებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, თუ რუსეთის მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები მომავალშიც უპასუხოდ დარჩა, ეს თავად NATO-ს, როგორც კოლექტიური თავდაცვითი ორგანიზაციის რეპუტაციას და ქმედითობას შეამცირებს.




























