მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Silk Road Group-ს საქართველოში ჰოლივუდის კინომწარმოებლები შემოჰყავს

ჰოლივუდი
BM. GE
16.11.23 10:50
2400

სილქ როუდ ჯგუფმა, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ Eternal Sources Tech Partners, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს - WonderSilk Studios (WSS) - დაარსების შესახებ, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს.

აღნიშნული პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა. 2023-2024 წლის განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.

კინოფილმებისა და სატელევიზიო სერიების წარმოების, ადგილობრივი კონტენტის შექმნისა და გართობის დაფინანსების ინოვაციური სქემის გამოყენებით WSS უზრუნველჰყოფს ფილმის წარმოების პროცესის დაჩქარებას და ასევე, შესაძლებლობებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის ტურიზმის სწრაფი ზრდის, მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნის, ახალი საგადასახადო შემოსავლებისა და ფართო გლობალური ხილვადობის თვალსაზრისით.

ქართველ და ამერიკელ პარტნიორებს შორის ხელმოწერის ცერემონია და პრესკონფერენცია წინანდლის მამულში გაიმართა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორიული მომენტი წინანდლის მამულში ხდება. ადგილი, საიდანაც ყოველთვის ჟღერდებოდა ძლიერი კულტურული, საგანმანათლებლო და პროგრესული მესიჯები. დღეიდან ჩვენ ვხდებით, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიის პარტნიორები. ეს ფაქტობრივად უკვე ჰოლივუდის კინოს ჰგავს, ჰოლივუდურ ისტორიას. აქ გადაიღებენ ამერიკულ-ქართულ ფილმებს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმდებიან ქართველი მსახიობები, კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიონალები. ეს იქნება ტურიზმისთვის ძალიან დიდი ბიძგი. ეკონომიკური ეფექტის გარდა, ამ ამბავს კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ჰოლივუდის საქართველოში შემოსვლა ეს არის ჩვენი ამერიკასთან კიდევ უფრო დაახლოება“, - გიორგი რამიშვილი - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი

კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო - კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი - საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

„ჩემი, როგორც კინომწარმოებლის, კინომოყვარულის და სტუდიის ხელმძღვანელის ოცნება ყოველთვის იყო გლობალურ კინემატოგრაფიულ სამყაროში ხიდების აგება“ - თქვა სტუდიის WonderHill Studios თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარვინ პერტმა. „რაც უფრო მეტ ისტორიას მოვყვებით მრავალფეროვანი აუდიტორიის შესახებ მრავალფეროვანი ლანდშაფტების გამოყენებით, მით უფრო დავახლოვდებით, როგორც გლობალური საზოგადოება. და რაც უფრო ახლოს ვიქნებით, როგორც გლობალური საზოგადოება, მით უფრო ახლოს მივალთ მშვიდობიან თანაცხოვრებასთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები