კომპანია "სილქნეტის" გენერალური დირექტორის დავით მამულაიშვილის შეფასებით, 2020 წელი ძალიან მძიმე იყო. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი კომპანიისთვის ბაზარზე მოქმედი ტარიფებია. დავით მამულაიშვილის განმარტებით, მათ ქსელის განვითარებაში მრავალი მილიონი დოლარის ინვესტიციები აქვთ განხორციელებული, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში მობილური მომსახურების შემოსავალი ლარებში არის ნომირებული, მათ ჩადებული ინვესტიციების ამოღება უჭირთ.
“ჩვენი თხოვნა მარეგულირებელთან არის, რომ მოგვეხდინა კორექტირება კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე, რათა კომპანიამ მოახერხოს და შეინარჩუნოს თავისი მაჩვენებლები. ის მინიმალური მოგების მაჩვენებელი, რაც ჩადებული გვაქვს ყველა პროდუქტში, ასევე, ის ხარჯები, რაც დამატებით ყველა პროდუქტს აქვს. რა თქმა უნდა, გვესმის ზოგადად პრობლემატიკა, მაგრამ ბიზნესს აქვს თავისი წესები, ბიზნესს აქვს თავისი ხედვა, რომელიც არ არსებობს განსხვავებულად საქართველოსთვის თუ სხვა ქვეყნებისთვის - აშშ-სთვის, თუ ევროპისთვის. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვაქვს ამ საკითხებზე მარეგულირებელ კომისიასთან, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი ვერ დადგა,”- აღნიშნავს დავით მამულაიშვილი.
2020 წლის მეორე კვარტალში “სილქნეტის” ჯამური შემოსავალი წლიურად 5.3%-ით, მესამე კვარტალში კი 4.6%-ით შემცირდა. ეს კლება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება.
"შეგახსენებთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე “სილქნეტმა” $200 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 5 წელს შეადგენს და მათი სარგებელი 11%-ია. ფინანსური ვალდებულება კომპანიამ “ჯეოსელის” შერწყმის პროცესისა და საკუთარი მობილური ქსელის განვითარებისთვის აიღო.
Fitch-ის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია, რომ “სილქნეტისთვის” საგარეო ვალდებულებებთან ერთად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების სექტორში არსებული რეგულატორული გარემო, რაც კომპანიას საკუთარი მომსახურების დამოუკიდებლად განფასების შესაძლებლობას უზღუდავს.
























