მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმართლე არაა, რომ თითქოს 600 მილიონით გაძვირდა სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი - მინისტრი

რიკოთის მაგისტრალი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მტკიცებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული არცერთი ხელშეკრულება არ გაცდენილა იმ ღირებულებას, რომლითაც თავდაპირველად გაფორმდა.

"სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები არასწორ ციფრებს შეგნებულად აჟღერებენ. თითქოს პროექტის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა. ციფრები, რომლებსაც ასახელებენ არ არის მშენებლობის ღირებულების ციფრები, ეს არის კონკრეტული პერიოდისთვის საპროგნოზო ბიუჯეტის ათვისების სავარაუდო მოცულობები. ეს რიკოთის პროექტსაც ეხება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათზე“ პროექტების ღირებულებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. 237 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი მონაკვეთის ღირებულება იყო. სწორედ ამ ერთი მონაკვეთის ღირებულებას ოპონენტები უტოლებენ პროექტის ოთხი მონაკვეთის ღირებულებას და ამბობენ, რომ პროექტის ღირებულება გაძვირდა, რაც არასწორია.

"თქვენ ამბობთ 4 მონაკვეთი რატომ არის უფრო ძვირი ვიდრე ერთი მონაკვეთი. პროექტების განხორციელება ერთდროულად არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს ასახულია მხოლოდ იმ ერთი მონაკვეთის ღირებულება, რომელიც იმ კონკრეტულ წელს დაიწყო. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 4 მონაკვეთი უნდა ღირდეს ერთ მონაკვეთზე ძვირი. რიკოთთან მიმართებითაც ანალოგიური ვითარება გვაქვს. არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, ფინანსურ ვალდებულებებს და პირობებს, რომლითაც გაფორმდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონით გაიზარდა პროექტი, არ არის სიმართლე“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები