თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლემ აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა.




























