სახელმწიფოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანია “სინოჰიდროსა” და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა.
საქმე ორ სამშენებლო ხელშეკრულებას ეხება, საუბარია ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის 96-მილიონიან პროექტზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 42 კილომეტრის სიგრძის ორი ლოტისგან შედგება და საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 6.4-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის 265 მილიონიანი პროექტის მშენებლობას უკავშირდება.
ჩინურ კორპორაციასთან დავაში სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული გზით საერთაშორისო იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი დაიქირავა. დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტის თავდაპირველი საფასური 1,350,000 ევრო იყო და ის ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთს შეეხებოდა, თუმცა შემდგომში კონტრაქტის ამოცანები გაფართოვდა და მას ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთზე წარმოშობილი დავაც დაემატა.
იურიდიულ ფირმასთან გაფორმებულ კონტრაქტში არაერთი პუნქტი რეტუშირებულია, შესაბამისად, საჯარო უცნობია რას წარმოადგენს ჩინურ კომპანიასთან დავის საგანს და რა სახის სამართლებრივი მოთხოვნები აქვს კომპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასევე უცნობია, სად მიმდინარეობს ეს დავა.
ამასთანავე, თუკი Hogan Lovells-თან გაფორმებულ თავდაპირველ კონტრაქტში დავის აღწერის ნაწილშივე ნათქვამია “კორპორაცია სინოჰიდრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ” (Sinohydro Corporation Limited against the Road Department of Georgia), განახლებულ კონტრაქტში, რომელიც ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს შეეხება დაკონკრეტებული არაა რომელი მხარეა მოსარჩელე - გზების დეპარტამენტი თუ ჩინური კორპორაცია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ შორის დავა მიმდინარეობს.
2023 წლის 30 ოქტომბერს იურიდიულ ფირმასთან გაფორმებულ კონტრაქტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც დავა “სინოჰიდროს” გარდა მიმდინარეობს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან, რაც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეოთხე ლოტის პროექტს უკავშირდება.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამტრედია-გრიგოლეთის 9.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში BMG-ის განუმარტეს, რომ დავასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო, რასაც მათი იურიდიული სამსახური უპასუხებს. ჩვენ შესაბამისი კითხვებით მივმართავთ უწყებას და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.