კომპანია „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიას და ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას 50-50%-იანი თანამონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანია „სიონი ლეიქ რესორთ & სპამ“ სიონში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენმა ილია წულაიამ განაცხადა, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $100 მილიონამდეა, პირველ ეტაპზე კი 50 მლნ დოლარი ჩაიდება.
მისივე თქმით, 5-ვარსკვლავიანი კომპლექსის მართვაში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავენ.
„მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ და უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ რომელი საერთაშორისო ბრენდი შევა კომპლექსის მართვაში“, - თქვა ილია წულაიამ.
ცნობისთვის: საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო პროგრამის - „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
ილია წულაიას და ზაზა ფაჩულიას კომპანიამ უძრავი ქონება, სასტუმროს აშენების პირობით აუქციონზე შეიძინეს.
პროექტის მიხედვით, კომპლექსი აერთიანებს არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროს, ვილებს, სპორტ კომპლექს, ჩოგბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, გამაჯანსაღებელ სპა ცენტრს, რეკრეციულ ტერიტორიას და ინფრასტრუქტურას წყლის სხვადასხვა აქტივობისთვის.
ინვესტორებს სიონში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დაესრულებინათ, მაგრამ როგორც რამდენიმე თვის წინ ილია წულაიამ bm.ge-ის განუცხადა, ვინაიდან სამშენებლობი ნებართვის გაცემა დაგვიანდა, ვადის 2024 წლის ბოლომდე გადაწევა ითხოვეს.