მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირცხვილია ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე საუბარი - ზალკალიანი კონგრესმენებს მიმართავს

5ee1f33b69282
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.20 12:57
1064
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, საერთოდ სასირცხვილოა საუბარი იმაზე, თითქოს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიყავს და მის დესტაბილიზაციას ცდილობს.

"დოკუმენტი არ არის მხოლოდ საქართველოზე და მასში საუბარია გლობალური უსაფრთხოების შესახებ. ამ დოკუმენტში არის აღნიშნული, რომ ამერიკასთან საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში არის უმაღლეს ნიშნულზე. ეს ხომ ფაქტია. და ეს ვისი ხელისუფლების პირობებში მოხდა? მინდა კონკრეტული ფაქტებით ვისაუბრო, თუ როგორ მივედით ამ თანამშრომლობამდე. გავიხსენოთ აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და შარშან ამ ქარტიის შესახებ გაკეთებული განცხადებები. გავიხსენოთ თუნდაც 2017 წელს დაწერილი მემორანდუმი აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მეტიც, შარშან თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ და ჩვენ ვართ შესული მაღალი თანამშრომლობის ფორმატებში, როგორიცაა სამხედროების მომზადებისა და გადამზადების საკითხებში. გავიხსენოთ რა წვლილი შეაქვს საქართველოს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენი 32 თანამემამულე არის ავღანეთში დაღუპული, ამერიკელ პარტნიოროებთან ერთად. ეს არის ჩვენი წვლილი შეტანილი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს მოხდა სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ “ქართული ოცნების” პარტიის ლიდერს მიჰყავს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ქვეყანა, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმება EU-სთან, სავიზო ლიბერალიზაცია, უამრავი მნიშვნელოვანი რეზოლუციები, სადაც პირდაპირ არის მინიშნებული რუსეთის უკანონო ქმედებები, ის უამრავი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგამსმელია და რომელიც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. არის მიღებული Georgia Support Act-ი, რომელიც მიიღო იგივე კონგრესმა და წარმომადგენლობითმა პალატამ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი და საერთოდ სირცხვილია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიყავს დესტაბილიზაციისკენ. 

აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან და მოვიკვლევთ ვისი რეკომენდაციით დაიწერა ეს ერთი აბზაცი. ფაქტი, რომ პირველმა საკუთარ ფეისბუქზე ეს გამოდო ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გამოხმაურებები, რომლებიც გვქონდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამას თარგმნიან მათ მხარდაჭერაში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კონგრესმენების მიერ მომზადებული დოკუმენტი:

ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებულია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

დოკუმენტში საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს დეზინფორმაციის კამპანიების გამო. ამასთან კონკრესმენები წერენ, რომ ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე; და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

„უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მარიონეტული და დაქირავებული არმიების დახმარებით“, - წერია დოკუმენტში.

კონგრესმენები ასევე საუბრობენ საქართველო-აშშ-ის კავშირებზე.

“საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა სენატმა ჯერ არა, ითვალისწინებს იმას თუ როგორ შეიძლება აშშ-მა იმუშაოს საქართველოსთან ერთად რუსეთის დეზინფორმაციებთან ბრძოლაში და საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები