მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სისხლის ბანკების" ა(ა)იპ-ებად დარეგისტრირების ვალდებულება 1 დეკემბრამდე გადავადდა

სისხლის ბანკი

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, გამარტივებული წესით, განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონში ცვლილება სისხლის გადასხმის დაწესებულების, ან სისხლის ბანკის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირების კანონით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივებას ეხება.

კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ წარადგინა.

კანონის მოქმედი რედაქციის გარდამავალი დებულების თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ფუნქციონირებს, ვალდებულია 2024 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირდეს მოქმედი კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ცვლილების თანახმად კი, აღნიშნული ვადის გადაწევა 2024 წლის 1 დეკემბრამდე ხდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში შესაბამისი ლიცენზიის მქონე 24 დაწესებულება მოქმედებს, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მხოლოდ სამი ფუნქციონირებს, ხოლო სამთან დაკავშირებით ლიცენზიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

„იმისათვის, რომ დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების ეტაპზე უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს ხელი არ შეეშალოს, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის გადავადება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებზე უკვე მუშაობს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დიმიტრი ხუნდაძე და ზაალ მიქელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები