ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და ყველა პროცედურა დაირღვა.
როგორც მან "ტვ ფორმულას" სასამართლოში განუცხადა, მასთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს და სისტემა ქვეყნის საუკეთესო შვილებს ასამართლებს.
"რა თქმა უნდა, უკანონო დაკავება იყო და ყველა პროცედურა იყო დარღვევით, მაგრამ რაც მინდა ვთქვა აუცილებლად, ჩემთან ერთად დააკავეს ახალგაზრდა გოგო ბაღის მასწავლებელი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ახალგაზრდა გოგო, ახალგაზრდა გოგო ლექტორი, დააკავეს ახალგაზრდა ბიჭი, IT სპეციალისტი, რომელიც იმაზე ნერვიულობდა, რომ მეორე დღეს ახალ სამსახურში ჰქონდა გასაუბრება და ვეღარ მივიდოდა. ერთი სიტყვით, ეს სისტემა ასამართლებს ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ცნობისთვის, გიორგი ქადაგიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი 7 თებერვალს გაიმართება.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისას, სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. აღსანიშნია, რომ გიორგი ქადაგიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ 15 დღემდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს.
173-ე მუხლი კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას მოიცავს და 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

























