საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ BM.GE-ის მისმა ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა, რა დროსაც ბრალდების მხარემ ბრალდებულს საქმის მასალები, მათ შორის დისკი გადასცა, რომლის ნახვაც დღეს ვერ ხერხდებოდა.
„საქმის მასალების შესწავლის მიზნით სასამართლოს პროცესის გადავადების შუამდგომლობით მივმართეთ, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლოს შემდგომი სხდომა 7 თებერვალს გაიმართება“, - განაცხადა შოთა კახიძემ. მისივე ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძეს წინასწარი დაკავების 48 საათი დღეს საღამოს იწურებოდა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისას, სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. აღსანიშნია, რომ გიორგი ქადაგიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ 15 დღემდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს.
173-ე მუხლი კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას მოიცავს და 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.