მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სისტემური მიდგომის ნაკლებობაა ქვეყანაში, ყველა კლინიკა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს" - კარდიოლოგი

გიორგი

საქართველოში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარებას დღეს ყველაზე მეტად სისტემური მიდგომის ნაკლებობა და კლინიკების არათანაბარი ხარისხი აფერხებს - ამის შესახებ დარგის სპეციალისტებმა BMGTV-ის გადაცემა „ჯანდაცვის სტანდარტში“ ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის მიმდინარე მდგომარეობა და რეგიონულ კონტექსტში საქართველოს პოზიციონირება იყო.

ექსპერტების თქმით, ყველა სამედიცინო ცენტრი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც რთული ინვაზიური პროცედურების უსაფრთხოდ და ეფექტიანად ჩატარებისთვის არის აუცილებელი. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის და კლინიკა „ჰელსიკორის“ არითმოლოგიის სამსახურების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი ხაზს უსვამს, რომ არსებული მოდელი ფრაგმენტულია და საჭიროებს მკაფიო აკრედიტაციის მექანიზმების ამოქმედებას, რაც დარგში კონცენტრაციასა და ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს.

მისი შეფასებით, გაცილებით ეფექტური იქნებოდა მსხვილი, აკრედიტებული ცენტრების ჩამოყალიბება, რომლებიც არამხოლოდ სამკურნალო, არამედ აკადემიური მიზიდულობის კერებადაც ჩამოყალიბდებოდნენ და სისტემურად უზრუნველყოფდნენ ახალი სპეციალისტების მომზადებას.

ვფიქრობ, ყველა კლინიკა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს. სისტემური მიდგომის ნაკლებობა იგრძნობა ქვეყანაში. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხდებოდეს უფრო მსხვილი ცენტრების ჩამოყალიბება, რომლებიც იქნებოდნენ აკადემიური მიზიდულობის ცენტრები, გაზრდიდნენ უფრო მეტ სპეციალისტს. დღეს ეს ცოტა ქაოსურ ფორმას იღებს. სურათი არის უცნაური - ცენტრები მეტი გვაქვს, ვიდრე ოპერატორები, რომლებსაც შეუძლიათ პროცედურების გაკეთება", - აცხადებს გიორგი პაპიაშვილი.

მისივე შეფასებით, კლინიკების აკრედიტაციის მკაფიო კრიტერიუმების დანერგვა და მაღალი მოცულობის მქონე ცენტრების წახალისება აუცილებელი წინაპირობაა, რათა მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგია საქართველოში განვითარდეს არა ქაოსურად, არამედ სტაბილურად და უსაფრთხოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები