მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია TotalEnergies-ის წარმოება, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, 15%-ით შემცირდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ პუიანე CNBC-სთან ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და კომპანიის ოპერაციებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მიუხედავად წარმოების შემცირებისა, ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა (60-დან 100 დოლარამდე) ამ დანაკარგს სრულად აბალანსებს, რის გამოც ის კონფლიქტს "სისტემურ საფრთხედ" აფასებს და არა ინდივიდუალურ პრობლემად.
"ჩვენი ხალხის უსაფრთხოება მთავარია, ამიტომ თითქმის ყველას ევაკუაცია განვახორციელეთ, ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამშრომელი დავტოვეთ, რომლებიც მუშაობენ ჩვენს პარტნიორებთან აბუ-დაბიში, კატარში, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული ოპერაციები. რაც შეეხება წარმოებას, 15%-ით შეგვიმცირდა, მაგრამ ამ დანაკარგის კომპენსაციისთვის ჩვენ უბრალოდ ნავთობის ფასის ბარელზე 8 დოლარით ზრდა გვჭირდება. შესაბამისად, დღეს სამიზნე მაჩვენებელზე 40 დოლარით მაღალი ფასი გვაქვს, ვიდრე 2026 წლისთვის ვვარაუდობდით. კერძოდ, ბარელზე 60 დოლარს ვვარაუდობდით და 100 დოლარამდე ავედით, ასე რომ ეს TotalEnergies-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
პრობლემა უფრო სისტემური გავლენაა, რომელიც ამ მოვლენას, ამ კრიზისს აქვს ბაზრებზე, რადგან ეს მხოლოდ ჩემი საკუთარი წარმოების 15% არ არის, ეს მსოფლიო ნავთობპროდუქტების 20%-ს ეხება, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით შეფერხებულია. კატარში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) 20% შეფერხებული და გაჩერებულიაა. მას აქვს გავლენა ყველა მომხმარებელზე, მთელს პლანეტაზე. როდესაც ენერგიის ფასი იზრდება, ამას შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს გლობალურ ეკონომიკაზეც", - ამბობს პატრიკ პუიანე.
ინტერვიუში პატრიკ პუიანე ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ დეფიციტსა და ფასწარმოქმნას მიმოიხილავს. CEO-ს განმარტებით, მაშინ როცა ნედლი ნავთობის, ბრენტის ფასი შედარებით სტაბილურია, საავიაციო საწვავისა და დიზელის ღირებულება რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.
"დღეს ნავთობპროდუქტების სრული ბაზარია დარღვეული. საავიაციო საწვავი 200 დოლარზე მეტია ბარელზე, დიზელი 160 დოლარია ბარელზე. ასე რომ, ბრენტი ჯერ კიდევ კარგადაა, მაგრამ პროდუქტების ბაზარი, რომელიც მომხმარებლებზე მოქმედებს, დღეს დაზარალებულია, ის ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ბრენტი. გადამუშავების მარჟები ასეთი არასდროს გვინახავს, ისინი 30 დოლარზეა ბარელზე, მსგავსი არაფერი გამოგვიცდია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ვაჭრობა დღეში მხოლოდ 25 მილიონი ბარელია. ოთხი ან ხუთი მილიონი დღეს ყურეშია შეფერხებული ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო და ამას გარდა, ჩინეთმაც გადაწყვიტა, ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალოს. ასე რომ, ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარი დღეს 20%-ზე მეტით შემცირდა. სწორედ ამიტომ არ გვაქვს ნორმალური კავშირი ნედლი ნავთობის ფასს - რომელსაც ყველა აკვირდება და რაზეც ყოველდღე აკეთებთ კომენტარს - და პროდუქტების ფასს შორის", - ამბობს ის.
მაღალი ფასების ფონზე, ენერგეტიკულ ბაზარზე ალტერნატიული რესურსების ძიება იწყება. TotalEnergies-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ LNG-ის გაძვირების გამო, ევროპა და აზია, 2022 წლის მსგავსად, ისევ ნახშირის მოხმარებაზე გადავლენ.
კატარის Ras Laffan-ის პლატფორმის შეფერხების გამო, მსოფლიო ბაზარს LNG-ის მიწოდების 20% გამოაკლდა. TotalEnergies-ის CEO-ს განცხადებით, კომპანია LNG-ის მარაგებს, ჯერჯერობით, ინარჩუნებს, მაგრამ თუ კონფლიქტი გაგრძელდა, ზაფხულის სეზონზე, როდესაც აზიაში მოხმარება იზრდება, ხოლო ევროპა მარაგების შევსებას იწყებს, ეს პროდუქტიც გაძვირდება.
"როდესაც ასეთი მაღალი ფასი გაქვთ ენერგოპროდუქტებზე, ალტერნატიულ ენერგიებზე გადასვლას იწყებთ. რთულია თავი აარიდო ნახშირის გამოყენებას; თუ LNG კვლავ გაძვირდება, შესაძლოა, ნახშირზე გადასვლა დავინახოთ, როგორც 2022 წელს.
კატარში Ras Laffan-ზე, სამწუხაროდ, LNG-ის მსოფლიო ბაზრის 20% მოდის, 84 მილიონი ტონა. ჩვენ თვითონ არ გამოგვიცხადებია ფორსმაჟორი ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან გვქონდა გარკვეული მარაგი. გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ჩვენი აზიელი ან ევროპელი მყიდველებისთვის მიწოდების უსაფრთხოების შეთავაზება, რადგან დიდი პორტფელი გვაქვს. ასე რომ, კატარის ზოგიერთი მოცულობა ჩავანაცვლეთ სხვა მიწოდებით.
მაგრამ ისევ და ისევ, დღეს ენერგიის საერთაშორისო ფასი დაახლოებით 20 დოლარია მილიონ BTU-ზე. თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდება, ზაფხულის პერიოდში ორ ფენომენს შეეჩეხებით: ეს არის სეზონი, როცა აზია კონდიცირების გამო მეტ გაზს მოიხმარს. და ამავე დროს, ეს არის ის სეზონი, როდესაც ევროპელები დაიწყებენ თავიანთი მარაგების შევსებას. ასე რომ, არ გამიკვირდება, რომ, თუ კონფლიქტი გაგრძელდება კატარის გარეშე, დავინახოთ ბევრად მაღალი ფასი, ვიდრე 20 დოლარია. 30, 40 დოლარი სრულიად შესაძლებელია, რაც 2022 წელს უკვე გამოვცადეთ. ასე რომ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი. და იმედი მაქვს, რომ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დრამატული შედეგები გვექნება", - ამბობს პატრიკ პუიანე.




























