იტალიაში, სიცილიის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - მიზეზი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მწვავე გვალვაა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, უნალექო ზამთარმა და გასული წლის ცხელმა ზაფხულმა რეგიონის მასშტაბით წყლის მარაგის შემცირება გამოიწვია. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა კუნძულის ისტორიაში ეს რიგით მესამე ყველაზე მასშტაბური კრიზისი იყოს: რეზერვუარები იცლება, ფერმერები კი გაფუჭებულ მოსავალზე საუბრობენ.
ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში გვალვა როგორც იტალიის რეგიონებში, ისე ესპანეთის ზოგიერთ ნაწილშიც დაფიქსირდა. თებერვალში კი სიცილიის პრეზიდენტმა, რენატო შიფანიმ გვლავა ბუნებრივ კატასტროფად გამოაცხადა. იტალიის რეგიონული მთავრობა კი აცხადებს, რომ სიცილია ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, რომელიც წითელ ზონაში მოექცა, იმავე პრობლემის წინაშე დგანან მაროკო და ალჟირიც.
ადგილობრივი მთავრობისთვის სიტუაცია მწვავეა: დროული ჩარევის გარეშე არსებობს რისკი, რომ სიცილიის მოქალაქეები რამდენიმე კვირაში წყლის გარეშე დარჩებიან.
როგორც სიცილიის წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა Euronew-ს განუცხადა, 93 მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება 45%-მდე შეიზღუდა, რამაც გავლენა 850 000 მოქალაქეზე მოახდინა. სიცილიის რეზიდენტთა უმრავლესობა გვალვას, როგორც წესი, მომზადებული ხვდება, თუმცა უნალექობის პერიოდში არც ეს სისტემაა გამოსავალი.