მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სივრცე თანაბრად გადანაწილებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეზე და ავტომობილებზე - თბილისის ვიცე-მერი

თბილისის საკრებულო

თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოებრივი სივრცის განაწილება თანაბრად ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ქვეითებზე და კერძო ავტომობილებზე.

ვიცე-მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მულტიმოდალური დიზაინის პრინციპზე დაფუძნებული ქუჩების განვითარებაა, რაც გულისხმობს იმაზე მორგებულ ინფრასტრუქტურას, რომ სატრანსპორტო სივრცე ყველა ტიპის მომხმარებელს ემსახუროს.

„მულტიმოდალური ქუჩის დიზაინი ის პრინციპია, რითაც მრავალი წელია ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციას ვახორციელებთ. ის ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი სივრცე თანაბრად გადანაწილდეს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ისე ქვეითისთვის და კერძო ავტომობილისთვის. ამ პრინციპით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ,“ — განაცხადა ტყემალაძემ.

მისი ინფორმაციით, ამ პრინციპით დაგეგმარებულია 18 ქუჩა და მოედანი, მათ შორის წერეთლის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირები, გმირთა მოედანი, უნივერსიტეტის ქუჩა და სხვა. მულტიმოდალური დიზაინის ფარგლებში, დედაქალაქში გამოყოფილია 81 კმ ავტობუსის ზოლი და თითქმის 40 კმ ველოსიპედის ზოლი.

ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა ჭკვიანი შუქნიშნების პროექტზე (ITS), რომელიც დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ახალი შუქნიშნები ქალაქის სხვადასხვა კვანძზე უკვე მოქმედებს და ნაკადების გამტარიანობის გაუმჯობესება შეინიშნება.

„ახალ სატრანსპორტო კვანძებზე, აღნიშნული შუქნიშნების შედეგად, ნაკადების სწორ გამტარიანობას ვხედავთ,“ — განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, გმირთა მოედანზე, თამარაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის დამაკავშირებელ კვანძზე უკვე მოქმედებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შუქნიშანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები