მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სჯობს, მოღალატე ქართველებს მიხედოთ და არა მათ, ვინც დაიცვა ქვეყნის ღირსება და გაიძულათ გაგეუქმებინათ რუსული კანონი - გოცირიძე გომელაურს

6467abf1a988a
ალა ისპირიანი
19.05.23 21:15
774
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინა. მინისტრმა რვა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ 7-8 მარტს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციელების მხრიდან გამოყენებულ ქმედებებს ეხებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციები არაერთხელ გასცდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო პარლამენტის შენობის ბლოკირება, რათა არ მისცემოდათ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს საკანონმდებლო ორგანოს უსაფრთხოდ დატოვების საშუალება, ასევე, განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე.

მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი.

„პოლიცია ძირითადად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში. 30 წელია ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, ასეთი რაღაც მართლა არ მინახავს, არც შევარდნაძის დროს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


მინისტრის გამოსვლის შემდეგ, კითხვები მათ შორის დასვა პარლამენტარმა რომან გოცირიძემ. მან ვახტანგ გომელაურს შემდეგი სიტყვებით მიმართა, - „ჯობია მიხედოთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ღალატობენ და არა მათ, ვინც დაიცვა ქვეყნის ღირსება და გაიძულათ გაგეუქმებინათ რუსული კანონი“.

რომან გოცირიძის მთავარი კითხვა იყო, ოდესმე უწყებას შეუმოწმებია თუ არა რუსეთის მიერ საქართველოში ჩანერგილი ადამიანები.

„ბატონო ვახტანგ თქვენ ისაუბრეთ თვენი უწყების წარმატებებზე და იმედია ასევე წარმატებით იმუშავებთ რუსეთის აგენტურის წინააღმდეგ. ეს აგენტურა დღეს ტელევიზიით ვიხილეთ. ამიტომ სპეციალური ოპერაციის ჩატარება არ გჭირდებათ - დაჯდა თვითმფრინავი და გადმოვიდნენ ქართველი აგენტები. რუსეთიდან ინსტრუქციით შეიარაღებულები და "ჯიბით" ფულით.

ეს ადამიანები, - მოღალატე ქართველები, რომლებიც ამბობდნენ რომ თვითმფრინავის ორგანიზებაში მათი დიდი დამსახურებაა და ასახელებდნენ სახელს და გვარებს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ვისთანაც მათ საუბრები ჰქონდათ და თურმე ამ მოღალატეებმა და არა თქვენმა მთავრობამ ჩამოიყვანა ეს თვითმფრინავი. ვიღაც ხისთავა წითელაშვილი იძახის, რომ ამ თვითმფრინავში მომავალში პუტინი ჩამოჰყვებაო.

ნუთუ მუშაობთ ამ ადამიანების წინააღმდეგ, რით ფინანსდებიან? ოდესმე შეგიმოწმებიათ რუსეთის მიერ საქართველოში ჩანერგილი ადამიანები? მაგრამ როგორ უნდა შეამოწმოთ რომ მუდამ თვენი მფარველები ქვეშ იყო ეს ხალხი.

ალპინისტები რაღაც მწვერვალს რომ იპყრობენ და მერე სიმბოლურად დროშას არჭობენ მწვერვალზე - რაში სჭირდება დროშა, ისედაც ჩაეთვლება რაღაცის დაპყრობა, მაგრამ დროშას დიდი სიმბოლო აქვს.

დღეს რუსეთმა გადმოაფრინა თვითმფრინავი, რომელშიც იყო წითელი, სისხლიანი დროშა და დაარჭო შიგ გულში, აეროპორტში და ჯობია მიხედოთ იმ ადამიანებს რომლებიც ქვეყანას ღალატობენ და არა მათ, რომლებმაც დაიცვა ქვეყნის ღირსება და გაიძულათ გაგეუქმებინათ რუსული კანონი“, - განაცხადა გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები