ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტი „სკა“ კომპანია „ვოლტთან" თანამშრომლობით, ევროკავშირის ბაზარზე იწყებს ოპერირებას და პირველ ფილიალს პრაღაში ხსნის.
როგორც კომპანია „სკას“ მმართველი პარტნიორი, შოთა ცისკარაშვილი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, პრაღას მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვთ და 2024 წლის ბოლოს, ჯამში 3 ფილიალით დასრულებას გეგმავენ.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბერლინში, ვენაში, ბუდაპეშტსა და სხვა ქალაქებში გეგმავენ შესვლას.
„აღნიშნულ ქალაქებში შესვლა გადავწყვიტეთ, რადგან სისტემური ჯანსაღი კვების მიმწოდებლები არ არია. შესაბამისად, ძალიან დიდი ნიშაა, რის დაკავებასაც ვფიქრობთ. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, როდესაც ჩვენს პარტნიორობას სხვა ეტაპზე გადავიყვანთ, რომელიც ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შესვლის პროცესში თანამშრომლობას გულისხმობს, ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო და მოგებიანი იქნება.
საბოლოო ჯამში, ჩვენი კონცეფცია იმგვარ კონცეფციად ჩამოყალიბდა, რა სახითაც ევროპაში უნდა წარვუდგინოთ ჩვენს მომავალ მომხმარებლებს,“- აცხადებს ცისკარაშვილი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ცისკარაშვილი აცხადებს, რომ 2023 წელს 2 ახალი ფილიალი ბათუმში და 2 ახალი ფილიალი თბილისში გაიხსნა. გარდა ამისა, კომპანიაში Salad Bar-ის მიმართულება აამოქმედა და ახალი ფილიალი გახსნა, რომელზეც მოთხოვნა წარმოუდგენლად დიდი იყო. ამან კი, მეორე ახალი ფილიალის გახსნა განაპირობა.