მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

€300 000 ინვესტიცია და გაფართოების გეგმები – ფრანგული American Vintage საქართველოშია

THE REFERENCE

ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი American Vintage საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად გამოჩნდა. ბრენდი ქვეყანაში ფრენჩაიზის მოდელით ოპერირებს, მისი ოფიციალური წარმომადგენელი კი კომპანია „ჯიტექს ჰოლდინგია“ (სავაჭრო სახელით THE REFERENCE), რომელიც 2025 წელს დაფუძნდა.

BM.GE-სთან კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი მინდიაშვილი ამბობს, რომ American Vintage-ის საქართველოში შემოსვლას წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა.

"American Vintage-თან მოლაპარაკებები 2024 წელს დავიწყეთ. ზოგადად, ამ მასშტაბის ბრენდებთან თანამშრომლობა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რადგან ისინი დეტალურად აფასებენ პოტენციურ პარტნიორებს, ქვეყნის ბაზარს, საინვესტიციო გარემოს და სხვა ტექნიკურ მხარეებს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, პროცესი საკმაოდ დინამიკურად და პოზიტიურად წარიმართა და შეთანხმებას რამდენიმე თვეში მივაღწიეთ", - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.

მისი თქმით, პროექტში ჯამურად 300 000 ევრომდე ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც მაღაზიის მოწყობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დიზაინს, ინვენტარსა და ოპერაციული პროცესების გამართვას მოხმარდა.

მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა. როგორც მინდიაშვილი განმარტავს, ლოკაცია ბრენდთან ერთად შეირჩა, ხოლო ინტერიერის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი American Vintage-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

"მაღაზიის ინტერიერის ყველა დეტალი, მათ შორის მასალების უმეტესი ნაწილი, უშუალოდ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და სკანდინავიიდან არის ჩამოტანილი. ბრენდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სავაჭრო სივრცის ესთეტიკასა და ხარისხს, ამიტომ მათი წარმომადგენლები მთელი პროცესის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ დიზაინისა და მოწყობის სამუშაოებში", – ამბობს ის.

კომპანიის ინფორმაციით, American Vintage-ის კოლექციების 100% ევროპაში იწარმოება, ძირითადად სამხრეთ საფრანგეთში, მარსელში, ხოლო ქსოვილები უმეტესად პორტუგალიური, ფრანგული და ესპანური წარმოშობისაა. ბრენდი მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს სთავაზობს, ხოლო ასორტიმენტი ყოველ სამ კვირაში ერთხელ ახლდება.

როგორც გიორგი მინდიაშვილი აღნიშნავს, THE REFERENCE-ის სტრატეგია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების იმავე ან, რიგ შემთხვევებში, მსოფლიო ბაზრებთან შედარებით უფრო კონკურენტულ ფასად შეთავაზებაა.

"ჩვენი მიზანია, საქართველოში წარმოდგენილი ბრენდები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს იმავე, ან ხშირ შემთხვევაში, მსოფლიო ბაზრებთან შედარებით უფრო კონკურენტულ ფასად, იქნება ეს ფიზიკურ მაღაზიებში თუ ონლაინ სივრცეში", – აცხადებს ის.

ამ ეტაპზე American Vintage-ის მაღაზიაში 6 ადამიანი არის დასაქმებული, ხოლო THE REFERENCE-ის ჯგუფში 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. კომპანია უკვე გაფართოებაზე მუშაობს. როგორც მინდიაშვილი ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა American Vintage უახლოეს პერიოდში სავაჭრო ცენტრებშიც გამოჩნდეს.

"ჩვენი მთავარი მიზანი გაფართოებაა. ვგეგმავთ, American Vintage უფრო ფართო აუდიტორიისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, მათ შორის სავაჭრო ცენტრებისა და მოლების საშუალებით. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს", – ამბობს ის.

გარდა American Vintage-ისა, THE REFERENCE საქართველოში კიდევ რამდენიმე ევროპულ ბრენდს წარმოადგენს. მათ შორისაა design by remember, რომელსაც თბილისში უკვე სამი მაღაზია აქვს, Captain Candy, რომელიც ქვეყანაში ორი ფილიალით ოპერირებს და უახლოეს დღეებში ბათუმში მესამე ობიექტს გახსნის, ასევე Funky Buddha და Harmont & Blaine.

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები