მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა ქვეყნებიდან იარლიყების, ქსოვილების, ღილების გამოწერა არ უნდა მიწევდეს" - ტექსტილის კომპანია

ნანა კაკაბაძე

"საქართველოში რომ საწარმოები არ გვაქვს, სადაც ქსოვილის წარმოება შეგვეძლება, ერთ-ერთი გამოწვევაა", - ამის შესახებ Noonkid.store-ის დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე აცხადებს. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, ტექსტილის კომპანიებს პროდუქციის საწარმოებლად ნედლეულის იმპორტი უწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

"ის, რომ საქართველოში საწარმოები არ გვაქვს, თუნდაც არ შეგვიძლია, აქ ვაწარმოოთ ქსოვილი, ეს ერთ-ერთო გამოწვევაა. გვიწევს ყველაფრის იმპორტი. როგორც ფასის, ისე წარმოების მხრივ, უკეთესი იქნებოდა, გარკვეული საწარმოები საქართველოშიც იყოს. მნიშვნელოვანია, ადგილზე შევიძინო ქსოვილი, დეტალები, რომლებსაც ვიყენებ", - აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.

Noonkid.store-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ნედლეული მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვთ, ქვეყანაში საწარმოების არ არსებობა კი მათ ხარისხის დაკმაყოფილებაში ხელს უშლით.

"პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა, რადგან ძირითადი ქსოვილები იმპორტირებულია, დისკომფორტს გვიქმნის და ფასის გადახედვა გვიწევს.ყველა ბაზარი მაღალი ხარისხის პროდუქციას ითხოვს. მაღალი ხარისხის შექმნა, მისი შენარჩუნება, გამოწვევაა. არ უნდა მიწევდეს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეზობელი ქვეყნებიდან იარლიყების, ქსოვილების, ღილების გამოწერა", - ამბობს ის.

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ექსპორტზე 22 მლნ 800 ათასი დოლარის შეკერილი ტანსაცმელი გავიდა. მათ შორის, 13 მილიონზე მეტი ღირებულების მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი, 6 მლნ 300 ათასი დოლარის ტრიკოტაჟის და სხვა მამაკაცის კოსტიუმები და 1 მლნ 200 ათასი დოლარის საბავშვო ტანსაცმელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები