მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა ქვეყნებში მოსავლიანობის დაგვიანებამ ქართულ პროდუქტზე ინტერესი გაზარდა" - როგორია მოცვის საექსპორტო ფასი?

მოცვი

მოცვის საწარმო "ბლუ ბერდ ბერიზ"-ის მოსავალი მიმდინარე წელს 4000 ტონას მიაღწევს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ბაია საულქვაძე BM.GE-ს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მრავალი მეტეოროლოგიური გამოწვევისა, მიმდინარე წელს მოსავლიანობა თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა, რაც შარშან იყო.

"ძალიან მძიმე წელი გვქონდა იმ მხრივ, რომ მარტი-აპრილის თვეში იყო სიცივე, ყინვები რამდენიმე ღამე, რამაც განსაკუთრებით გურიის რეგიონი დააზიანა. ასევე იყო ქარი, რამაც გააფუჭა ბაღების დიდი რაოდენობა. წინა წელთან შედარებით, მსხმოიარობა დაახლოებით იგივეა, ვვარაუდობთ, რომ 3500-4000 ტონით დავასრულებთ კრეფას. კრეფის სეზონმაც დააგვიანა და, რაც დავიწყეთ, ივნისიდან ძალიან ნალექიანი პერიოდი გვაქვს. ფაქტობრივად, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს წვიმებია, რაც ხელს გვიშლის, რომ მეორე დღეს მაინც შევიდეთ ბაღებში, იმიტომ რომ მინიმუმ ორი დღე უნდა დაველოდოთ, რომ გაშრეს მოცვი და მკრეფავები შევიყვანოთ.

სამეგრელოში მთელი ივნისის თვე უხვი ნალექი იყო, არის ჯიშები, რომლებიც ფაქტობრივად ან გადაგვიმწიფდა, იმის გამო რომ დროულად ვერ მოვკრიფეთ, ან გაგვიფუჭდა წვიმების გამო. თან წამლობების პერიოდშიც, შეწამვლა 10-14-დღიანი ინტერვალითაც ვერ ესწრებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ წვიმაში არ იწამლება და მშრალ ამინდს ფაქტობრივად ვერ დავემთხვიეთ. ჯამში საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ერთბაშად იყო სიცხე, მერე ერთბაშად იყო წვიმები, მოგვიწია ყველა ჯიშის ერთად კრეფა დიდ ბაღში, რაც მუშახელის დეფიციტის გამოც შეფერხდა, ვერ ვპოულობდით ადამიანთა საჭირო რაოდენობას, 300 ქალს, რომ შეგვეყვანა ბაღებში", - აღნიშნა ბაია სალუქვაძემ.

მისი თქმით, მოსავლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე დაბინავებულია, 350 ტონა მოცვი კი უკვე გაიზარდა საექსპორტო ბაზრებზე ევროკავშირში, გალფის ქვეყნებსა და რეგიონში. როგორც ბაია სალუქვაძემ აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე ქართული მოცვის საექსპორტო ღირებულება სტაბილურად მაღალია, რასაც მოცვის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში მოსავლიანობის დაგვიანებამ შეუწყო ხელი.

"თავდაპირველი კვირები ექსპორტზე საკმაოდ მაღალი ფასი იყო, $9-8 დოლარი, გამომდინარე იქიდან, რომ დეფიციტური იყო რაოდენობა, მანამ სანამ დიდი ბაღების კრეფები დაიწყო და მოცვი სრულ მსხმოიარობაში შევიდა. სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე, საადრეო ჯიშებზე ფასი მაღალი იყო. ამას დაემთხვა ისიც, რომ სხვა ქვეყნებშიც, სადაც მოცვი მოდის, დაგვიანდა მოსავლიანობა, რამაც ქართულ პროდუქტზე ინტერესი უფრო მეტად გაზარდა. შემდგომ დასტაბილურდა ფასი, $7.5-7 დოლარის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ წვიმამ მოსავლის აღების შეფერხება გამოიწვია და საექსპორტო კომპანიები ვერ ვიღებდით იმ რაოდენობას, რომ ჩვენი კონტრაქტები დაგვეკმაყოფილებინა, ბაზარზე ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. შარშან უფრო დიდი სხვაობა გვქონდა თავდაპირველ და შემდგომ ფასებს შორის, ახლა მეტ-ნაკლებად სტაბილურად მაღალი იყო და ბოლოს საშუალოდ $6-6.5 დოლარზე შენარჩუნდა", - განმარტა ბაია სალუქვაძემ BM.GE-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები