მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა წლებთან შედარებით, განსხვავებული დეკემბერი გვაქვს, მოთხოვნა რადიკალურად არის შემცირებული" - რესტორატორი

ირაკლი კახიძე

"სხვა წლებთან შედარებით, განსხვავებული დეკემბერი გვაქვს, მოთხოვნა რადიკალურად არის შემცირებული", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" რესტორან “სოფიკოს”, პიცერია „ჯენაროს“ და საკონდიტრო "საბლეს“ დამფუძნებელი, ირაკლი კახიძემ ისაუბრა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში არანაირი სადღესასწაულო განწყობა საერთოდ არ არის, შესაბამისად მათი გაყიდვები მეოთხედამდეა დავარდნილი.

"ჩვენს სფეროს, განსაკუთრებით იმ ობიექტებს, რომლებიც ძველი თბილისის ტერიტორიაზეა განთავსებული, მათ არსებული სიტუაცია ყველაზე მეტად შეეხოთ. წინა წლებთან და თვეებთან შედარებით, ფაქტობრივად მეოთხედზეა სტუმრების რაოდენობა დავარდნილი.

ადგილობრივი სტუმრები ამ ეტაპზე ძალიან ცოტაა, ძირითადად მაინც ტურისტები, პატარ-პატარა ჯგუფები გვსტუმრობენ, რომლებიც შემორჩნენ, ორგანიზებული ჰქონდათ და აღარ გააუქმეს ესა თუ ის ღონისძიება. თბილისის მასშტაბით ცენტრალურ უბნებში რამდენიმე კვების ობიექტს ვფლობთ. ამასთან, კვების ობიექტები გვაქვს სხვადასხვა უბნებშიც. ამის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვები რადიკალურად არის შემცირებული. არა მხოლოდ სტუმრიანობა, გამოძახების კუთხითაც შემცირებულია მოთხოვნა. განსაკუთრებით წინა კვირაში, როდესაც ქალაქში ძლიერი მუხტი იყო, საერთოდ არ გვქონდა გაყიდვები",- ამბობს კახიძე.

რესტორატორი წლის ბოლოს დადებითი პროგნოზებით არ ხვდება და ამბობს, რომ მათ ყველა ობიექტში, მათ შორის საკონდიტრო მიმართულებითაც მოთხოვნა ძალიან დაბალია. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და განწყობის არ ქონის პარალელურად, რესტორატორი განწყობის ხელოვნურად შექმნას და სოციალურ ქსელებში რეკლამების განთავსებას, აზრს მოკლებულად და არასწორად მიიჩნევს. კახიძე ასევე დასძენს, რომ ფინანსური არასტაბილურობის მიუხედავად, საახალწლო პერიოდში მისთვის პრიორიტეტი ხელფასების დარიგებაა.

"საახალწლო პერიოდია და გადახდების კუთხით, პრიორიტეტი ხელფასებია და შემდეგ უკვე სხვა ყველა გადასახადი. მაგრამ სიტუაცია ძალიან ცუდია. ჩვენ თბილისში კვების ობიექტების გარდა, რამდენიმე საკონდიტრო მაღაზიას ვფლობთ. დეკემბერი მოგეხსენებათ საკონდიტრო სფეროსთვის აქტიური და მოთხოვნადი თვეა, მაგრამ წელს აბსოლუტურად განსხვავებული დეკემბერი გვაქვს. მოთხოვნა რადიკალურად არის შემცირებული. თუ შარშან კორპორატიული შეკვეთები გვქონდა, კომპანიები ემზადებოდნენ, სასაჩუქრე ნაკრებებს აკეთებდნენ და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გვიკვეთავდნენ, წელს სულ რამდენიმე კორპორატიული შეკვეთა გვაქვს. როგორც ვხვდები კომპანიებსაც არ აქვთ განწყობა", - აღნიშნა ირაკლი კახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები