მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სხვენიდან აუქციონის პოდიუმზე - რეკორდულ $9 მილიონად გაყიდული უნიკალური კომიქსის ისტორია

სუპერმენი

DC Comics-ის, კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამომცემლობის მიერ 1939 წელს გამოშვებული სუპერმენის პირველი სერიის ეგზემპლარი აუქციონზე რეკორდულ 9.12 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

კომიქსის გარეკანი

კომიქსი 2024 წელს სან-ფრანცისკოში მცხოვრებმა სამმა ძმამ აღმოაჩინა, რომლებიც გარდაცვლილი დედის სახლს ალაგებდნენ. სხვენში მათ ძველი კომიქსების დამალული საგანძური იპოვეს. ძმების თქმით კომიქსებს მათი ბიძა აგროვებდა დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

სააუქციონო სახლის Heritage Auctions-ის, რომელიც ბოლო წლებში კინო და პოპ კულტურის ყველაზე ძვირად ღირებულ აუქციონებს ატარებს, ვიცე-პრეზიდენტის, ლონ ალენის თქმით, კომიქსების არსებობის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა.

“ძმებს დედა ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ძვირად ღირებული კომიქსების კოლექცია ჰქონდა, მაგრამ მათთვის ისინი არასდროს უჩვენებია”. ამიტომაც მათ ვერც კი წარმოედგინათ თუ რა საგანძურს ინახავდა დედა სახლის სხვენში.

კომიქსების შეფასების სერვისის Certified Guaranty Company-ის (CGC) თანახმად, ”სუპერმენის" №1 კომიქსს იშვიათი, 10 ქულიდან 9 ქულა მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ კომიქსი იდეალურ მდგომარეობაშია. გასაოცარია, რამდენად კარგადაა შენახული წიგნი, რადგან ის წლების განმავლობაში მხოლოდ მუყაოს ყუთში გაზეთებს შორის ინახებოდა. ამ პერიოდის 9 ქულით შეფასებული სხვა კომიქსი არ არსებობს.

კომიქსის უკანა ყდა

კომიქსის გარეკანზე გამოსახულია ცნობილი ფოლადის კაცი, რომელიც მკითხველს ჰპირდება “ერთადერთი და განუმეორებელი სუპერმენის თამამი თავგადასავლების სრული ისტორიის მოყოლას”.

სუპერმენი პირველად "Action Comics"-ის პირველ ნომერში გამოჩნდა 1938 წელს. ამ სერიის 8.5 ქულით შეფასებული ერთ-ერთი ეგზემპლარი 2024 წელს 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები