ICR-ის დამფუძნებელი, კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებს ქვეყანა ვერ გაუძლებს. როგორც გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას, ხაზარაძემ აღნიშნა, “რუსული კანონის” მიღება დასავლური სამყაროსგან ჩამოგვაშორებს, რაც ქვეყანას მძიმედ დაუჯდება.
“მე მოვისმინე დეპუტატების განცხადება, რომ ჩვენ გავუძლებთ სანქციებსო... შეიძლება ვიღაცამ გაუძლოს, მაგრამ ქვეყანა ვერ გაუძლებს. თუ ეს ასე მოხდება, ეს პირამიდის პრინციპით დაშლის პროცესს დაიწყებს, მე არც ეს მინდა წარმოვიდგინო, ვინაიდან ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ისეთი საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, რომ მისი მოტრიალება იქნება ძალიან რთული“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ამერიკის სანქციები შესაძლოა, თავდაპირველად მხოლოდ იმ პირებს შეეხოთ, რომლებიც “რუსულ კანონს” მხარს დაუჭერენ, თუმცა, შემდგომ ის უფრო მასშტაბური შეიძლება გახდეს და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ქვეყნის დაფინანსებაზე უარი განაცხადონ. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა, რომელიც თვითკმარი არ არის, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.
“ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთების 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს და წარმატების ფორმულა ყოველთვის იყო ნდობა და რეპუტაცია, ვინაიდან საბოლოო ჯამში, დადებულ კონტრაქტებს არავინ კითხულობს - ყველაფერი აწყობილია სწორედ ნდობასა და რეპუტაციაზე.
დღეს, როდესაც მთელი ევროპული და ამერიკული სამყარო, ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში დავცილდებით იმ ღირებულებებს, ვფიქრობ, დამატებითი ახსნა-განმარტების მიცემა… კანონის სიღრმეშიც არ მინდა შესვლა, ვინაიდან თუ შენ თვლი რომ ამ სამყაროს ნაწილი ხარ, დეტალებზეც არ უნდა ისაუბრო.
ვთვლი, რომ ბუმერანგის პრინციპი იქნება, ვინაიდან დაანონსებული სანქციები თუ შეეხება თუნდაც მხოლოდ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ამ კანონს მხარს დაუჭერენ, ავტომატურად გავრცელდება სხვა ფინანსური ინსტიტუტებითაც.
ჩვენ მოვისმინეთ ამასწინათ, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, EBRD-ის განცხადებები, მათ თქვეს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში, საჯარო სექტორის დაფინანსებას გააჩერებენ. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ვსაუბრობ იმ საერთაშორისო ბანკებზე, ინსტიტუტებზე, რომლებზეც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს დაფინანსების 80% მოდის.
ჩვენი ქვეყანა თვითკმარი არ არის. უარყოფითი სალდო გვაქვს, 2/3 იმპორტია და 1/3 ექსპორტი. აქედან გამომდინარე, სხვისი დახმარების გარეშე, ქვეყანას დამოუკიდებლად ფუნქციონირება დღეს არ შეუძლია“, - აღნიშნა ICR-ის დამფუძნებელმა და მოუწოდა დეპუტატებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, როდესაც პარლამენტში “რუსულ კანონზე” პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას გადაწყვეტენ.