ბოლო დროს, საქართველოში ბევრი ტრენინგ ცენტრი გამოჩნდა, რომლებიც, უმეტესწილად, პროფესიონალების კარიერულ განვითარებაზე არის ორიენტირებული. ამავდროულად, მცირეა იმ ცენტრების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებზე და მათ პროფესიულ განვითარებაზე ფოკუსირდებიან. სწორედ ეს მიმართულება აირჩია Skillcraft Academy-მ, რომელიც ბაზარზე სამი თვის წინ გამოჩნდა.
როგორც Skillcraft Academy-ის თანადამფუძნებელმა, ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში” განაცხადა, ეს მიმართულება კომპანიამ იმისთვის დაამატა, რომ სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებელი კარიერული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცეს.
“მაშინ, როცა დამამთავრებელ კლასებში მყოფი სკოლის მოსწავლეები კარიერულ არჩევანს აკეთებენ, ხშირად, ამ არჩევანს მშობლების სურვილი ან კონკრეტული პროგრამის ტრენდულობა განაპირობებს. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი უნივერსიტეტში აბარებს, მაგალითად, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სხვა ფაკულტეტზე გადადის და ამ დროს კარგავს, როგორც ერთ წელიწადს, ასევე ერთი სასწავლო წლის გადასახადს, რაც, ხშირად, დიდი თანხაა. ამასთან, ეს რთული საკითხია მენტალურადაც, რის გამოც გვსურს, მოსწავლეებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ.
ამ პროექტს Craft Your Career ჰქვია და ის რვადღიან სემინარს მოიცავს. ყოველ დღე, ტრენინგს კონკრეტული დარგის სპეციალისტი ატარებს და ამ დროს, სკოლის მოსწავლეებს ესაუბრება, თუ რა ტიპისაა ის საქმე, რომელიც მან აირჩია - აი, მაგალითად, რამდენად რთულია ამ მიმართულებით უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა; რთულია თუ არა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის პოვნა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; რა სახელფასო მოლოდინი შეიძლება არსებობდეს დამწყებ, საშუალო და მაღალი რანგის თანამდებობებზე და როგორია პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსი.
ამ ეტაპზე რვა მიმართულება გვაქვს, ესენია: ბიზნესი, სამართალი, სამედიცინო, ფსიქოლოგია, პროგრამირება, მარკეტინგი და დიპლომატია.
პირველი სკოლა, რომელიც ამ მიმართულებით დაინტერესდა - “ევროპული სკოლაა”, სადაც ეს სემინარი ასამდე მოსწავლეს ჩაუტარდება”, - განაცხადა ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში” და დასძინა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლე სერტიფიკატს იღებს, მაგრამ ამასთან, მას კონკრეტულ ტრენერთან ერთკვირიანი მენტორობის ჩანიშვნის შესაძლებლობაც აქვს.
სკოლის მოსწავლეების კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მიმართულების გარდა, Skillcraft Academy მომხმარებლებს ტრადიციულ ტრენინგებსაც სთავაზობს, რომლებიც, როგორც ირაკლი კიკორია ამბობს, პრაქტიკული უნარების განვითარებას ითვალისწინებს.
“ერთ-ერთი ტრენინგი, რომელსაც ბიზნეს მიმართულებით ვატარებთ, ევროკავშირში და აზიის ქვეყნებში პროდუქტის გატანას უკავშირდება, რომელსაც მერაბ ჭითანავა უძღვება. ეს საკმაოდ რელევანტური მიმართულებაა, მით უმეტეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ფონზე, რადგან საკუთარი ნაწარმის ევროკავშირში გატანა ბევრ ბიზნესს სურს.
არ გვინდოდა, მხოლოდ ტრადიციული ტრენინგები ჩაგვეტარებინა, რის გამოც განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ. აი, სამართლის კუთხით, მაგალითად, ასეთი ტრენინგები გვაქვს - “კიბერდანაშაული მეტავერსში” და “დანაშაულის ნავიგაცია ციფრულ სამყაროში”. თითოეული კურსი მორგებულია რეალობას.
ამასთან, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამედიცინო მიმართულებას, რომელიც საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებზე არის ფოკურისირებული და შესაბამისად, ინგლისურად წარიმართება. საქართველოში ბევრი უცხოელი სტუდენტია, რომელთაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, უნივესიტეტის გარდა, ფაქტობრივად, არ აქვთ, მაგრამ ამ ტრენინგის გავლით, ცოდნის დამატებითი წყარო უჩნდებათ. ამ მიმართულებით პირველი ტრენინგი იანვარში ჩატარდება”, - განმარტა Skillcraft Academy-ის თანადამფუძნებელმა, ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში”.