Skillwill საქართველო მექსიკის ბაზარზე გადის. სიახლის შესახებ „ქალების ნარატივში“ „Skillwill საქართველოს“ დირექტორმა, ლანა ჩხარტიშვილმა დააანონსა.
„საერთაშორისო გაფართოება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია Skillwill-ისთვის, ამიტომაც არ ვჩერდებით. გვაქვს უკვე ტარგეტირებული ქვეყნები, სადაც გვინდა, რომ დამატებით შემოგვიერთდნენ. ერთ-ერთი ქვეყანა მექსიკაა, ექსკლუზიურად თქვენთან ვასახელებ, რადგან ამ ქვეყანაში ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით დიდ პოტენციალს ვხედავთ, ამიტომაც მექსიკა იქნება შემდეგი ქვეყანა. პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა ლანა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და იტალიაში Skillwill-ის ოფისი წარმატებით ოპერირებს, საკმაოდ მოთხოვნადია და უკვე წარმატების მაგალითებსაც ხედავენ. ამ ქვეყნებში „სქილვილმა“ 30-მდე პარტნიორი შეიძინა და წლის ბოლომდე პარტნიორების რიცხვის გაზრდას 100-მდე გეგმავს.
„სქილვილი“ საქართველოში მასშტაბური ნეოუნივერსიტეტია, რომელიც 2018 წლიდან განათლების სფეროში აქტიურადაა ჩართული და მომავლის პროფესიონალებს სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის. "სქილვილი" 12 ციფრულ მიმართულებას, სამკომპონენტიან სწავლებას, 30+ პარტნიორ კომპანიას და 2500+ სტუდენტს აერთიანებს. „სქილვილში“ სწავლა ნებისმიერი პროფესიის და ასაკის ადამიანს შეუძლია, ვისაც პროფესიის შეცვლა ან ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებით კარიერის დაწყება სურს. კურსები წარმოდგენილია სამი მიმართულებით: Skillwill Coding, Skillwill Digital Marketing და Skillwill Languages.