ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, თბილისში რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები იფიცებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.
სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის მასწავლებლების და კურსდამთავრებულების ნაწილმა, მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის შეფერხება დაგმო და მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელსაც, ამ დროისთვის, ხელს 600-მდე პირი აწერს.
"კომაროვის სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ჩვენს ამჟამინდელ თუ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეთა და სამშობლოს წინაშე, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის ნებისმიერი ფორმით შეფერხებას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი დღით სასწავლო პროცესს აჩერებს „ბაქსვუდის სკოლაც“.
მათი განცხადების თანახმად, ევროპულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება – ეს არის მისწრაფება თავისუფლების, ღირსებისა და ნათელი მომავლისკენ.
„ბაქსვუდის სკოლა ყოველთვის მხარს უჭერდა თავისუფალ აზროვნებას, ინდივიდუალიზმს და განათლების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მოსწავლეებისთვის იმ ღირებულებების გადაცემა, რომლებიც თავისუფალი და ძლიერი პიროვნებების ჩამოყალიბებას ემსახურება.დღეს, როცა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი საფრთხის წინაშეა, ეს პირდაპირ აისახება არა მხოლოდ საზოგადოების განვითარებაზე, არამედ ჩვენი მოსწავლეების მომავალზეც. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ღირსეული განათლება და თავისუფლება განუყოფელია. ევროპულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება – ეს არის მისწრაფება თავისუფლების, ღირსებისა და ნათელი მომავლისკენ. საქართველოს გზა ევროპაშია!“, - წერია განცხადებაში.
საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებას აპროტესტებს ქალაქ თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მოსწავლეებიც. მათი თქმით, ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მათთვის მიუღებელია.
„ქალაქ თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მოსწავლეთათვის ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მიუღებელია! გვერდში ვუდგებით რუსთაველზე მყოფ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცდილობენ სამშობლოს კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.როგორც სკოლის მოსწავლეები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის განათლება, თუმცა ახლა ქვეყანას ჩვენი ერთიანობა და ბრძოლა ესაჭიროება! ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მხარს ვუჭერთ თავისუფალ, ევროპულ საქართველოს.გვინდა ჩვენი ეს პროტესტი ნათლად გამოვხატოთ სკოლის წინ და დავაფიქსიროთ ჩვენი საკუთარი აზრი. ხვალ 08:30-ზე ვიკრიბებით N52 საჯარო სკოლასთან! ასევე, პროტესტს გამოვთქვამთ გაფიცვით, – ნათქვამია განცხადებაში.
ორი დღით სასწავლო პროცესი შეაჩერა UG სკოლამაც.
"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პედაგოგები უერთდებიან საყოველთაო გაფიცვას , UG სკოლა ორი დღით წყვეტს სასწავლო პროცესს! საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის დიდი ოჯახის წევრი!",-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლებს შორის, სადაც მოსწავლეები პროტესტს გამოხატავენ არის ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, ქობულეთის 138-ე სკოლა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა.
გაფიცული არიან წალენჯიხის რაიონ ქალაქ ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის N3 საჯარო სკოლის 10,11,12 კლასის მოსწავლეები.
„წალენჯიხის რაიონ ქალაქ ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის N3 საჯარო სკოლის 10,11,12 კლასელები თვალს ვადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს გმირებს, რომლებიც დღეს ქუჩებში დგანან იმისთვის რომ დაიცვან ქვეყნის უფლებები და დაამყარონ მშვიდობა.
ვგმობთ უდანაშაულო ახალგაზრდებზე თავდასხმასა და მათ დაპატიმრებას და ვგმობთ ერთიანი ეროვნული სასწავლო მასალიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მუდამ ცოცხალი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოების ამოღებას. ჩვენ აქედან ვუერთდებით პროტესტანტებს და უარს ვაცხადებთ სკოლაში გამოცხადებაზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის ტკივილი არის ჩვენი ტკივილი, ამიტომ ჩვენი მიზანია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება. ჩვენი გზა ყოველთვის იყო და იქნება ევროპაში!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე გაიფიცა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
გაფიცვა მიმდინარეობს რიგ უნივერსიტეტებშიც.