სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრის ფუნქციები, რომელიც უქმდება, გადანაწილდება რეგიონული განვითარების სამინისტროზე და თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერიაზე.
"ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია, ვფიქრობ, უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს არის შუალედური ნაბიჯი ამ ეტაპზე. ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში - დედაქალაქის მერია.
რაც შეეხება პროცედურებს, დეტალები იქნება განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს და მთავარია, რომ პროცესები უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება. მთავრობამ ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები უნდა განსაზღვროს.




























