გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სლოვაკეთი კიევის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებითა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის საზღვრების გახსნით გამოხატავდა.
სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიკომ, დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას შეიარაღების პროცესში აღარ დაეხმარება და ჰუმანიტარულ და სამოქალაქო დახმარებასაც შეამცირებს.
“ჩვენ უკრაინისთვის მხარდაჭერას მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო დახმარებით ვაპირებთ და მათ იარაღს აღარ მივაწოდებთ. უკრაინის ომი ჩვენი არ არის, ჩვენ მასთან არაფერი გვაკავშირებს”, - განაცხადა პრემიერმა.
ფიკომ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, სამხედრო ოპერაციების გადაუდებელი შეწყვეტა უკრაინისათვის საუკეთესო გამოსავალია და ევროკავშირმა, იარაღის მიმწოდებლის ნაცვლად, მშვიდობისმყოფელის როლი უნდა მოირგოს.
სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებას კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება არც იმდენად მასშტაბური ყოფილა, რომ ამან მთლიან პროცესზე რამე გავლენა მოახდინოს.
ფიკოს განცხადებით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს მხარს აღარ დაუჭერს მანამ, ვიდრე თავიანთ ქვეყანაზე მათ გავლენას არ შეაფასებს.