უნგრეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უჩივლოს და სლოვაკეთის მსგავსად გაერთიანების მიერ მათი ნების წინააღმდეგ მიღებული დადგენილების ანულირება მოითხოვოს.
საუბარია რუსული გაზის იმპორტის აკრძალვაზე, რაც ძალაში 2027 წლიდან უნდა შევიდეს და მისი დამორჩილება ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულ უნგრეთსა და სლოვაკეთსაც მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება 24-მა წევრმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა.
უნგრეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ მოკავშირე სახელმწიფოებმა არ გაითვალისწინეს ქვეყნის უკიდურესი დამოკიდებულება რუსულ გაზზე და ის ენერგეტიკული რისკები, რაც ამ აკრძალვის ძალაში შესვლას მოჰყვება. ბუდაპეშტში შიშობენ, რომ თუ ევროპული სასამართლო მათ პოზიციას არ გაითვალისწინებს, ქვეყანა მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშე დადგება, რადგან ამჟამად ადგილობრივი ინდუსტრია მუშაობისთვის სწორედ ამ წყაროს იყენებს. ის ასევე საცხოვრებელი სახლების გათბობით მომარაგებისთვის გამოიყენება.
საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიარტომ განმარტა, რომ უნგრეთს სამი ძირითადი არგუმენტი აქვს, რაზე დაყრდნობითაც ის სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიციის დაცვას აპირებს. ეს სამი მიზეზია: გადაწყვეტილების სამართლებრიობის პრობლემა, რადგან ის უნგრეთის თანხმობის გარეშე იქნა მიღებული, ასევე სუვერენიტეტი, რომელიც 24-მა წევრმა ქვეყანამ დაარღვია. ბოლო კი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა, რომელიც, სიარტოს შეფასებით, მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება, თუ მოსამართლე უნგრეთის პოზიციას არ გაითვალისწინებს. უნგრეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მსგავსი კრიტიკული სანქციები ერთსულოვნად უნდა იქნეს დაწესებული და ხმების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, განხილვის საკითხებიდან ჩაიხსნას. სიარტოს შეფასებით, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული გადაწყვეტილების, როგორიც გაზის იმპორტის აკრძალვაა, წევრ ქვეყნებს სავაჭრო პოლიტიკის საკითხად არ უნდა დაერეგისტრირებინათ. შეგახსენებთ, ამ ფორმით გადაწყვეტილებების მიღებას ევროკავშირის წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერა არ სჭირდება.



























