ტექნოლოგიების ბაზრის კვლევითი ორგანიზაცია Counterpoint-ის ინფორმაციით, ორწლიანი სტაბილური ვარდნის შემდეგ, სმარტფონების გლობალურმა ბაზარმა ოქტომბერში ზრდა პირველად დააფიქსირა.
Counterpoint-ის კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული სმარტფონების საერთო ღირებულება 5%-ით გაიზარდა, რითაც ოქტომბერი გახდა პირველი თვე, რომელშიც 2021 წლის ივნისის შემდეგ წლიურ ჭრილში ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, ზედიზედ 27 თვის განმავლობაში ინდუსტრიის ზრდა ნეგატიურ ციფრებში იყო გამოხატული.
გლობალურად სმარტფონების გაყიდვების შემცირების მიზეზად Counterpoint-ი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომელთა შორისაცაა კომპანიების ჭარბი ინვენტარი, სმარტფონთა კომპონენტებზე გაჩენილი დეფიციტი და მომხმარებლის მიერ მობილური ტელეფონების ახლით ჩანაცვლების ციკლის გაზრდილი ხანგრძლივობა.
“ოქტომბრის ზრდიდან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ სმარტფონების ბაზარი წლიურ ჭრილში IV კვარტალშიც გაიზრდება, რითაც მომდევნო კვარტალებში თანდათან უფრო გაუმჯობესდება”, - ამბობს კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი.
სმარტფონების ბაზრის ზრდა შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში მზარდი ეკონომიკებით, ჩინეთში Huawei-ს ბრენდის აღზევებითა და ინდოეთში მიმდინარე სადღესასწაულო სეზონითაც აიხსნება. მესამე კვარტალში Huwaei-ის გაყიდვები ჩინეთში 37%-ით გაიზარდა.
რაც შეეხებათ უკვე განვითარებულ ბაზრებს, რომლებიც სმარტფონების უფრო დიდი რაოდენობითაა გაჯერებული, აქ ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია, თუმცა კვლევის თანახმად, Apple-ის ახალი iPhone 15-ის გამოსვლამ ბაზრის განვითარებას შეუწყო ხელი.