სამთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნიუ-იორკის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei და მისი სამი შვილობილი კომპანია მთელ რიგ ფედერალურ დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ვერდიქტი საბანკო და ელექტრონულ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, ამერიკული სანქციების დარღვევასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვას ეხება.
კომპანიასა და მის სტრუქტურებს ფინანსური სანქციები - ჯარიმები, ქონების კონფისკაცია და ზარალის ანაზღაურება ემუქრებათ, სასჯელის ზომას კი სასამართლო 2027 წლის 14 სექტემბერს განსაზღვრავს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, Huawei-მ ბანკებს ირანში საკუთარი საქმიანობის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, რათა მილიარდობით დოლარის დაფინანსება მიეღო და დოლარით ანგარიშსწორების სისტემაზე წვდომა შეენარჩუნებინა. ამას გარდა, კომპანიამ ირანის ხელისუფლებას მიაწოდა სათვალთვალო კამერები, რომელთა საშუალებითაც ადგილობრივი უწყებები საპროტესტო აქციებს აკონტროლებდნენ. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ კანონზე მაღლა ვერცერთი პირი ან კომპანია ვერ დადგება. მან Huawei და მისი შვილობილი კომპანიები აშშ-ში მოტყუებისა და ქურდობის გზით სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა.
განაჩენს Huawei-ში ოფიციალური განცხადებით უკვე გამოეხმაურნენ და რეკეტის მიზნით შეთქმულების ნაწილში გამართლებას მიესალმნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დანარჩენი ბრალდებები სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, პროკურატურის მიერ ნახსენები კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული ხუთივე დავა კი წარსულში სამოქალაქო წესით უკვე დასრულდა. ტექნოლოგიური გიგანტის განმარტებით, ის ვერდიქტს შეისწავლის და საკუთარი ინტერესების დასაცავად შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს, პარალელურად კი შეუფერხებელ მუშაობასა და კვლევა-განვითარებაში ინვესტირებას გააგრძელებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პროკურატურამ Huawei-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებები პირველად 2019 წლის იანვარში, კანადაში კომპანიის ფინანსური დირექტორის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ გამოაქვეყნა.
























