მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სმარტი“ ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს

„სმარტი“ ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს
06.02.24 12:58
794

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ქსელის განვითარებას „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ავტობანებზე არსებულ მომსახურების ცენტრებსა და აეროპორტებში ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს. „კეთილი მგზავრობა“ „ვისოლთან“ ერთად „სმარტის“ ახალი დაპირება გახდა, რომლის შესრულებასაც ბრენდი „მარკეტი და კაფე“ პოზიციონირებით, გზაზე ყოფნისას საჭირო ყველა პროდუქტით, ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე პოპულარული არჩევანით, იტალიური ყავითა და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად განახლებული მენიუთი შეძლებს.

„„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსებული საშუალო (CS-Conviniance Store) და ცალკე მდგომი ფართო ფორმატის სუპერმარკეტებით დაიწყო. თუმცა ჯგუფმა „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, განვითარება მხოლოდ საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა და „ვისოლთან“ ერთად საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების უზრუნველსაყოფად მომხმარებელს გზად საჭირო პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანი და მომსახურების დასავლური სტანდარტები შესთავაზა.“ აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტის“ ბრენდის განახლება სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „+VAT“-მა „ვისოლის“ რებრენდინგის პარალელურად განახორციელა. როგორც „+VAT“-ის წარმომადგენელი ვასკა ჩუბინიძე აცხადებს, „„სმარტი“ გახდა უფრო თანამედროვე და მხიარული, ბრენდის მთავარი სიმბოლო - მეოჯახე ციყვი - ცელქმა და ენერგიულმა ციყვმა ჩაანაცვლა. ასევე განახლდა ბრენდის პოზიციონირება და „მარკეტი და კაფე“, მთავარ აღწერილობად და ლოგოს ნაწილად იქცა, რადგან განახლებული „სმარტი“ ზუსტად ამ ორ ფუნქციას ითავსებს. გზაზე ყოფნისას ადამიანებს „სმარტში“ შეუძლიათ იყიდონ როგორც მარკეტის პროდუქტები, ასევე იქვე ისარგებლონ სრულფასოვანი კაფეს სერვისით, სადაც ლუკა ნაჭყებიას მიერ განახლებული მენიუც დახვდებათ.“

„სმარტის“ ვიზუალურ ბრენდინგზე More Studio-მ იმუშავა. დოდოშკა ჩხეიძემ ინტერიერის დიზაინის გათანამედროვება და განახლებულ კონცეფციასთან თანხვედრა შეძლო. MUA Architecture & Placemaking არქიტექტურულმა ოფისმა „ვისოლისა“ და „სმარტის“ არქიტექტურულ განახლებაზე იზრუნა.

„მარკეტების განახლებულ დიზაინზე ფიქრისას პირველ რიგში „სმარტის“ ახალი ფერები, ლოგო და ზოგადი ხასიათი გავითვალისწინეთ. პროდუქციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ მაქსიმალურად ცოტა მასალის და ფორმის გამოყენება, რადგან მომხმარებლისთვის ზედმეტად არ აჭრელებულიყო გარემო. თუმცა, ფერებით თამაშს არ შევუშინდით და მათი გამოყენებით მოვახერხეთ სტენდების კატეგორიებად დაყოფა, რაც ამარტივებს მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის პოვნას. ვფიქრობთ, ეს დიზაინი პრაქტიკულია და ზოგადად მარკეტების ქსელის ხასიათსაც უხდება.“ აცხადებს დოდოშკა ჩხეიძე.

„ის, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავთან ერთად მგზავრობისას საჭირო სრულყოფილი სერვისების შეთავაზება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის დიდი უპირატესობაა, „ვისოლმა“ ბიზნესის განვითარებისთანავე გაითავისა. თუმცა ოპერირების ეს მოდელი ბრენდის სტრატეგიასა და კომუნიკაციებში ნათლად არ ჩანდა; ინფრასტრუქტურაშიც კი ისე იყო ერთმანეთის გვერდით ობიექტები განლაგებული, რომ ერთიან სივრცედ არ აღიქმებოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვიზუალური იდენტობის მქონე „ვისოლსა“ და „სმარტს“ ერთიანობა შეეძინა და „სმარტის“ CS ფორმატში ტრანსფორმაცია მკაფიოდ გადმოგვეცა. იმასაც მივხვდით, რომ „სმარტს“ შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი განვითარებაც ჰქონდეს და გზასთან დაკავშირებულ სხვა წერტილებში, როგორებიცაა აეროპორტები, რკინიგზის თუ ავტო სადგურები, განვითარდეს.„ აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი.

დღესდღეობით „სმარტი“ 40 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. განახლებული ვიზუალური კონცეპციით „სმარტი“ უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ზ.ანჯაფარიძის #35-ში. მალე განახლდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული სუპერმარკეტიც და ეტაპობრივად მთელი ქსელი „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა პირობას შეუქმნის ერთგულ მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები