ხუთშაბათს, ფლორიდის შტატში, აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს. საქმე ეხება ფილიპინების არჩევნებთან დაკავშირებულ მოსყიდვის სქემას, სადაც კომპანიის სამი ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის ფირმის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზი ფიგურირებს. უშუალოდ კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს ბრალი გასულ წელს წაუყენეს, ხოლო უახლესი გადაწყვეტილებით, კომპანიაც დაემატა სავარაუდო ქრთამის საქმეზე ბრალდებულთა ჩამონათვალს.
როგორც Reuters-ი წერს, ფედერალურმა პროკურორებმა Smartmatic-ის მშობელი კომპანია SGO Corp ბრალდებულად დაასახელეს 2024 წელს სამი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში.
პროკურორების მტკიცებით, კომპანიის აღმასრულებლებმა 2015-დან 2018 წლამდე 1 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადასცეს ფილიპინების ყოფილ საარჩევნო ჩინოვნიკს, რომელიც ასევე ბრალდებულია. მათ ამ გზით გარანტია მიიღეს, რომ ფილიპინები 2016 წლის არჩევნებს მათი ტექნოლოგიით ჩაატარებდა.
Smartmatic-მა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ბრალდებებს მცდარი უწოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ბრალდებებს და დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.
საქართველოში როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები Smartmatic-ის აპარატებით ჩატარდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ Smartmatic-ს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისთვის 54.2 მილიონი ლარი გადაუხადა. ცესკომ Smartmatic-თან თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამატებითი აპარატურა შეიძინა 2025 წლის აპრილში გაფორმებული $2.9-მილიონიანი კონტრაქტითაც რაც ხმის დამთვლელ 450 ახალ აპარატს და 450 საარჩევნო ყუთს და სხვადასხვა სახარჯ მასალას მოიცავდა. მოგვიანებით კი, Smartmatic-ისგან 2.3 მილიონი დოლარის პროგრამული უზრუნველყოფა და სიების ჩატვირთვის მომსახურებაც შეიძინა.
თავად Smartmatic International Holding-ი 2000 წელს არის დაფუძნებული და იურიდიულად ის ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომპანია. 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში).




























