საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეზე, ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯია“-ს წარმომადგენლები დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად იღებდნენ თანხებს, თუმცა აღებული ვალდებულებები არ შეასრულეს.
გამოძიების ინფორმაციით, კომპანიამ დაახლოებით 200 მოქალაქე დააზარალა, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხების ჯამმა 1 მილიონ ლარს მიაღწია.
პროკურორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილმა თქვა, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული დაზარალებული, თუმცა გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს თაღლითური სქემით მოტყუებული სხვა პირების ვინაობა. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის ოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ბრალდებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (თაღლითობა დიდი ოდენობით), რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიება უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ხოლო მსგავსი დანაშაულების პრევენციის მიზნით გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა


























