6 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლებშიც არაერთ ხარვეზსა და ნაკლოვანებაზეა საუბარი.
აღსანიშნავია, რომ ორივე ანგარიშის მასალები აუდიტის სამსახურმა 2024 წელს შემდგომი შესწავლისთვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.
ქედის მუნიციპალიტეტში შემდგომი გარემოებები გამოვლინდა:
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - ქედის მუნიციპალიტეტს 2022-2023 წლებში აუთვისებელი დარჩა 3,028,260 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები - ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას.
მზა ბეტონის შესყიდვაში არსებული ხარვეზები - ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მზა ბეტონის შესყიდვასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების ეტაპზე, არ შეაფასა ბეტონის ვარგისიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დასკვნების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. ამასთანავე, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება მიმწოდებლის მიერ მზა ბეტონის დამზადება ან/და შეძენა.
დაუდასტურებლად ანაზღაურებული ხარჯები - ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დამატებული ღირებულების გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, 17 შემთხვევაში ზედმეტადაა გადახდილი 26,910 ლარი, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს.
შერჩევა-შეფასების ნაკლოვანებები - ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ სათანადოდ არ შეაფასა წინა პერიოდში შპს „რაგი 444“-ის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის და ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დროულად არ წარადგინა შავ სიაში რეგისტრაციისათვის სათანადო ინფორმაცია, რაც პრეტენდენტების მიმართ არასამართლიანი მიდგომის რისკებს წარმოშობს.
კულტურული და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების ხარჯები - მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და სპორტული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება-მომსახურებისათვის რიგ შემთხვევებში ხარჯები გაწეულია სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.
წარმომადგენლობითი ხარჯები - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმომადგენლობითი დანიშნულებით გაწეულ ხარჯებზე რიგ შემთხვევებში არ არის მოწოდებული სრულყოფილი დოკუმენტაცია, რაც ფულადი სახსრების სათანადო დასაბუთების გარეშე განკარგვისა და შიდა კონტოლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მართვის ხარვეზები - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების წილის მფლობელი ქედის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის ზედამხედველობას არ უწევს შპს-ების საქმიანობას, არ ატარებს შესაბამის მმართველობით ღონისძიებებს, 3 ერთეულ შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს 647,978 ლარის ზარალით, რაც წარმოშობს მეწარმე სუბიექტების გადახდისუუნარობის და გაკოტრების რისკებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარვეზები - სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების სრულფასოვნად გამოუყენებლობამ, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობამ გამოიწვია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით, არანაკლებ, 6,693 ლარის ხარჯის გაწევა.
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტში არ გამოიყენება სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, ამასთანავე, რიგ შემთხვევებში არ ხდება შეთავსებით და შტატგარეშედ დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების წარმოება.
შუახევის მუნიციპალიტეტში აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული ხარვეზი - 2022-2023 წლებში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებლის შესრულებას ჯამურად 3,055,845 ლარი დააკლდა, გადასახდელების საბიუჯეტო ასიგნებიდან აუთვისებელი დარჩა 3,526,862 ლარი. ამასთანავე, ბიუჯეტის პროგრამების შედგენის არსებული სისტემა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვისა და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას, რაც საბიუჯეტო რესურსის სწორად განაწილებისა და გამოყენების მთავარი პირობაა.
სახელმწიფო შესყიდვების ნაკლოვანებები
- შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების კუთხით შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ტენდერების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რამაც ტენდერების შეწყვეტა და 745,450 ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება განაპირობა. ამასთანავე, 2022-2023 წლებში სპორტული და კულტურული ღონისძიებების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩატარებული ბაზრის კვლევის ამსახველი მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი.
- შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში ვერ იქნა წარმოდგენილი პროექტში გამოსაყენებელი მასალების ღირებულების განსაზღვრის მტკიცებულებები, რის გამოც აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება პროექტის სახარჯთაღრიცხვო და შესაბამისად, ტენდერის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობაზე.
- შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას, რის გამოც აუდიტმა ვერ მიიღო რწმუნება შესყიდული მომსახურების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ამასთანავე, არასრული სახით ხდება ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა, რაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს.
- შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესყიდვის პროცედურების სათანადო მართვას, რის გამოც მაღალია შეწყვეტილი ხელშეკრულებების რაოდენობა, რამაც რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება განაპირობა. ამასთანავე, ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ თვითმმართველმა ერთეულმა ვერ მიიღო საგარანტიო და საჯარიმო თანხები.
ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები
2023 წელს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 53,784,680 ლარის აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 181,044 ლარი, რომელიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. დიდი ოდენობით გადაუხდელი საიჯარო გადასახადის აღურიცხველი თანხები კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.
შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გამოვლინდა თვისობრივად შეუთავსებელ პოზიციებზე შეთავსებით დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების უზუსტოდ გაცემის ფაქტები. აღნიშნული გარემოებები, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს.
ტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები
მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურ დადასტურებას.
ბუღალტრული აღრიცხვის ნაკლოვანებები
საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციის ფაქტის ამსახველი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებით არ დასტურდება საბიუჯეტო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივი გამოყენება, რაც კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეს წარმოადგენს და საბიუჯეტო რესურსების უკონტროლოდ განკარგვის რისკებს შეიცავს.
მოსაკრებლების ადმინისტრირების ხარვეზები
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის აღრიცხული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა და გადასახდელი თანხები. შედეგად, არ ხორციელდება გადასახადის ადმინისტრირება.
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები
მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.




























