აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიასა და გერმანიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყო.
კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან SOCAR სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული სეგმენტის — ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) — მეშვეობით აზერბაიჯანულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად უკვე ავსტრიისა და გერმანიის მომხმარებლებსაც აწვდის.
გეოგრაფია ასეთია
სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP): აზერბაიჯანული გაზი ჯერ საქართველოს კვეთს, სადაც ჩვენი ქვეყანა, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე მხარე, სარგებელს იღებს როგორც ფინანსურად, ისე ენერგორესურსის სახით, საქართველოს გავლის შემდეგ გაზი თურქეთში შედის, ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP): საბოლოო ეტაპზე რესურსი ევროპას მიეწოდება.
2026 წლის იანვრიდან ამ მარშრუტით გაზი უკვე ევროპის 16 ქვეყანას მიეწოდება, მათ შორის ყველაზე მსხვილ ეკონომიკებს გერმანიასა და ავსტრიას.
კომპანიის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა ჯამში 25.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე გავიდა:
- ევროპის მიმართულებით: 12.8 მლრდ კუბური მეტრი;
- თურქეთის მიმართულებით: 9.6 მლრდ კუბური მეტრი.
უშუალოდ საქართველოს მიერ მოხმარებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობამ გასულ წელს 2.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეთანხმებით, 2027 წლისთვის ევროპაში მიწოდება უნდა გაორმაგდეს, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს სატრანზიტო დატვირთვის კიდევ უფრო გაზრდას.




























