მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Socar, პაშა დეველოპმენტი... - კომპანიები და დარგები, სადაც II კვარტალში აზერბაიჯანული ინვესტიცია ჩაიდო

აზერბაიჯანი

2024 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან საქართველოს ეკონომიკაში 36.4 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. წლის ამ მონაკვეთში მეზობელი ქვეყნიდან განხორციელებული FDI-ს მოცულობა 48.5%-ით გაიზარდა.

მხოლოდ II კვარტალში 574 მლნ დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში აზერბაიჯანმა ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში 23.7 მლნ დოლარის პირდაპირი აზერბაიჯანული ინვესტიცია შემოვიდა.

BMG დაინტერესდა - ეკონომიკის რომელ დარგებში და რომელ კომპანიებში ჩაიდო ეს თანხა. საქსტატის მიერ გამოგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი აზერბაიჯანული ინვესტიცია ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში განხორციელდა. სექტორების რეიტინგი კი ასეთია:

  1. ტრანსპორტი და დასაწყობება - $21.6 მლნ;
  2. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - $2.6 მლნ;
  3. მშენებლობა - $1.2 მლნ;
  4. დამმუშავებელი მრეწველობა - $814 ათასი;
  5. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $707 ათასი;

რიგ დარგებში როგორიცაა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ჰორეკა სექტორი და ჯანდაცვა აზერბაიჯანული ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინვესტორ კომპანიებს, რომლებშიც აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო, TOP-5-ეული ასე გამოიყურება:

  • შპს ველფარ ინთერნეიშენალ
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი
  • შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია
  • შპს შავი ზღვის ტერმინალი
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანული პირდაპირი ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში 2014 წლიდან გააქტიურდა, რა დროსაც ქვეყანაში $340 მილიონზე მეტი თანხები მოიმართა, შემდეგი 2015, 2016, 2017, 2018 წლებში აზერბაიჯანული FDI-ს მოცულობები რეკორდული იყო და $582 მლნ, $555 მლნ, $460 მლნ, $246 მლნ-ს შეადგენდა. თუმცა შემდეგ წლებში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებულმა ფულადმა ნაკადებმა იკლო. 2023 წელს აზერბაიჯანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 90.3 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები