სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 205 ახალი თანამშრომელი დაიქირავა – პრემიერიმინისტრის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის შესახებ “დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშში” წერია.
დოკუმენტში მითითებულია, რომ “საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობი სპროგრამის” ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სერვისების უწყვეტად მიწოდების მიზნით, სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 205 სპეციალისტი დაიქირავა და გადაამზადა.
რაც შეეხება უშუალოდ პროგრამის სტატისტიკას: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ 1 მარტიდან 25 მარტამდე საქართველოს მასშტაბით, მობილიზებულ იქნა 20 000 საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსია. საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამით 11 449 მოქალაქე დაინტერესდა, საიდანაც 3 819 მოქალაქე გადამისამართდა საზოგადოებრივი სამუშაოს კონკრეტულ ვაკანსიაზე. 1 559 მოქალაქემ უკვე გააფორმა სამმხრივი სოციალური ხელშეკრულება.
ღია შრომის ბაზარი ანდა საქმიანობის ფორმალიზება აირჩია 1 808 დაინტერესებულმა პირმა. პროგრამის ფარგლებში პროფესიული მომზადება-გადამზადება აირჩია 228 მოსარგებლემ ხოლო მოფიქრების ეტაპზეა 554 პირი. საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართვაზე 1 411 პირმა უარი განაცხადა.
პროგრამა საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში თქვა, რომ საქართველოს 600 ათასი სოციალურად დაუცველია, საიდანაც 200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეა. ღარიბაშვილის თქმით, ეს ადამიანები ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ, რაც უნდა შეიცვალოს. შედეგად, სახელმწიფო სოცდაუცველებს ოფიციალურ სამუშაოს სთავაზობს და სოცდახმარების შენარჩუნებასაც სთავაზობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ადამიანები დასაქმდებიან საზოგადოებრივ სამუშაოებზე, რომლებიც იქმნება სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
ღარიბაშვილის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, დასაქმდება 200 000 ადამიანი, თუმცა პირველ ეტაპზე ვაკანსია 50 000 ადგილზე გამოცხადდება.
პროგრამის განმავლობაში დასაქმების სააგენტო უზრუნველყოფს მოსარგებლის პროფილირებას და პროფილირების საფუძველზე შესთავაზებს: საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას, შრომის ბაზარზე არსებულვაკანსიას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზებას. თუ შრომისუნარიანი პირი თანახმაა ერთ-ერთ შეთავაზებაზე, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ, ხოლო თუ შრომისუნარიანი პირი არ არის თანახმა შეთავაზებებზე, უარის თქმის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.