თბილისში მედიკამენტების 500-კლარიანი ვაუჩერების დარიგება დღეიდან იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, ვაუჩერს მიიღებს ყველა სოციალურად დაუცველი პენსიონერი, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 200 ათასს არ აღემატება.
„მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და სოციალურად დაუცველი პენსიონერი პროგრამის მონაწილე ხდება ავტომატურად, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ვაუჩერებს აიღებენ ფურცლების სახით, მათი შენახვის ვალდებულება არ აქვთ, რადგან ყველაფერი ელექტრონულად არის აღრიცხული.
ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი მიმართავს ექიმს, რომელიც გამოწერს ცნობას მედიკამენტების შესახებ, განათავსებს მას ელექტრონულად პროგრამაში, ამის შემდეგ ბენეფიციარი მერიისგან მიიღებს შესაბამის კოდს, რომლის მეშვეობითაც, პირადობის მოწმობასთან ერთად მედიკამენტებს ნებისმიერ აფთიაქში შეიძენს. ბენეფიციარმა მედიკამენტი კოდის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეიძინოს. ვაუჩერები ერთწლიანია“, - თქვა კალაძემ.
თბილისის მერმა გამგეობების თანამშრომლებს მიმართა, ყველა ადამიანთან ოჯახებში მიიტანონ აღნიშნული ვაუჩერები.