ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი გახდება.
მისივე თქმით, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება.
„რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი.
თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























